“მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი აცხადებს, რომ წინა სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც 18 მაისს გაიმართა, საქმეზე ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, აღკვეთის შეცვლის შესახებ შუამდგომლობას არ დააყენებს:
“გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. კერძოდ, გამოძახებული ჰყავს პროკურორს სამი ექსპერტ-კრიმინალისტი. ესენი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ავტომობილის ჩხრეკაში. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას, დაგეგმილი არ გვაქვს. არ ვაყენებთ იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სჭირდება ახალი გარემოებები. ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენთ შუამდგომლობა და მივიღეთ დაუსაბუთბელი უარი. გუშინწინდელი სხდომის შემდეგ ახალი გარემოებები არ გვაქვს, რომ დავაყენოთ შუამდგომლობა”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.
რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს
მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.