ახალი ამბები

შეწყალებაზე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს წინასწარ შევატყობინე – პრეზიდენტი

19 მაისი, 2020 • 1883
შეწყალებაზე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს წინასწარ შევატყობინე – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში ხელისუფლების სხვა შტოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

“როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე [სახელისუფლებო] შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყევტილება იყოს სრულიად მოულოდნელი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა “ღამის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში და დასძინა, რომ კონკრეტულად შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. აღნიშნული ინტერვიუ ეთერში დღეს, 19 მაისს გავა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.

“ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან [შეწყალებასთან] დაკავშირებით და შევიტყვეთ ამის თაობაზე, როდესაც ჩატარდა ბრიფინგი”, – განაცხადა მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ასევე, განაცხადა, რომ მმართველ გუნდს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

ჩვენ ამ საკითხებში არ და ვერ ჩავერევით – მდინარაძე პოლიტიკოსების შეწყალებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი