ახალი ამბები

ჩვენ ამ საკითხებში არ და ვერ ჩავერევით – მდინარაძე პოლიტიკოსების შეწყალებაზე

15 მაისი, 2020 •
ჩვენ ამ საკითხებში არ და ვერ ჩავერევით – მდინარაძე პოლიტიკოსების შეწყალებაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არ და ვერ ჩაერევა ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში, როგორიცაა პრეზიდენტის ინსტიტუტი. შესაბამისად, ის ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არ ჰქონია კომუნიკაცია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.

“მიიჩნია, რომ მან მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და, ასევ ვთქვათ, სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა ეს რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი იმიტომ, რომ საერთოდ არ მივიჩნევ, რომ მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდა ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, ჩემი გადაწყვეტილება ასეთი არ იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, მისი საქმეა, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციების მეტი საფუძველი მიეცა საქართველოში რადიკალურ ოპოზციას. თუმცა ერთია პრაგმატულობა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორე ადამიანს- ორგანიზებაში თუ მონაწილეობაში პარლამენტზე შტურმისა”, – უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ელოდა, მაგრამ მისთვის გასაგებია, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა პოლიტიკოსების შეწყალება.

“ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა “ქართულ ოცნებას” კონსულტაცია პრეზიდენტთან, რაზეც მდინარაძემ უპასუხა:

“არა, რა თქმა უნდა!”


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილია და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ 15 მაისს განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი