ახალი ამბები

ჩინეთი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლისთვის სხვა ქვეყნებს $2 მილიარდს გამოუყოფს

18 მაისი, 2020 • 1257
ჩინეთი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლისთვის სხვა ქვეყნებს $2 მილიარდს გამოუყოფს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნებს კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლისთვის 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, წერს CNBC.

„ჩინეთი გამოყოფს 2 მილიარდ დოლარს შემდეგი ორი წლის განმავლობაში, რათა დავეხმაროთ [სხვა ქვეყნებს] კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლაში და აგრეთვე დაზარალებულ ქვეყნებში ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში“, — განაცხადა მან.

„როიტერსის“ ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრამდე მინიმუმ 116-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ავსტრალიისა და ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის წარმოშობისა და ადრეული გავრცელების გამოძიებას ითვალისწინებს. შეხვედრის 194 მონაწილის 2/3-ის მხარდამჭერის შემთხვევაში, რეზოლუციას ხმის მიცემაზე გაიტანენ.

ჩინეთი, თავის მხრივ, ასეთ გამოძიებას ეწინააღმდეგება. სი ძინპინი საუბრისას კონკრეტულად ამ საკითხს არ შეხებია, თუმცა განაცხადა, რომ ჩინეთი გამჭვირვალე და ღია არის კორონავირუსზე ინფორმაციის მიწოდებაში.


კორონავირუსის აღმოჩენისა და ადრეული გავრცელების ქრონოლოგია შეგიძლია იხილოთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:

როგორ დაიწყო და ვინ რას ამბობდა კორონავირუსის აფეთქებაზე

გარეკანის ფოტო: EPA

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი