ახალი ამბები

ოდესღაც მეც ჰომოფობი ვიყავი, ეს განკურნებადია – დიმიტრი ცქიტიშვილი

18 მაისი, 2020 • 4942
ოდესღაც მეც ჰომოფობი ვიყავი, ეს განკურნებადია – დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება აუცილებლად დაძლევს ჰომოფობიას. მან საკუთარი მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ თუ მან შეძლო ჰომოფობიის დაძლევა, ამას სხვებიც შეძლებენ.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა “თბილისი პრაიდის” მიერ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ აქციის ფარგლებში ისაუბრა. აღნიშნულ ღონისძიებას ფეისბუკზე დასრულების შემდეგ 90 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

“მე კარგად მახსოვს 1980-იანი წლები, ძალიან კარგად მახსოვს 90-იანები და ყველა შემდგომი პერიოდი. მინდა ყველა მონაწილეს ვუთხრა, რომ ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ მიღწეული, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში. განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ თაობა, რომელიც მოდის და წამოიზარდა, მასში ძალიან ბევრია სწორი დამოკიდებულება, თანასწორი საზოგადოების განვითარების და ეს არის უდაოდ გამარჯვება კონკრეტული ადამიანების, რომლებიც თუნდაც აი ასეთი უთანასწორო ცხოვრებას შეეწირნენ და გახდნენ მსხვერპლი, მაგრამ ქვეყანაში მაინც არის ცვლილებები.

ჰომოფობია მართლა დაძლევადია და მინდა გულწრფელადაც გითხრათ, რომ ალბათ, ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, ალბათ კი არა, ნამდვილად ვიყავი 90-იან წლებში, ახალგაზრდა მოზარდი ვიყავი, რომელიც აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ, სხვაც დაძლევს, რადგან ეს არ არის განუკურნებადი, ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია აუცილებლად დაიძლევა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მოდელს, რომ ჰომოფობია იქნება მარგინალური და ჩვენ დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება”, – თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა ონლაინ აქციის პირდაპირ ეთერში.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ესმის სახელმწიფო უწყებების მიმართ ლგბტ თემის უნდობლობის და ამის უკან რეალურ საფუძველს და საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს, რადგან ის მმართველ გუნდს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ჩამოშორდა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ჰომოფობიის დაძლევის საქმეში ხაზი გაუსვა პოლიტიკოსების გამბედაობას.

პოლიტიკური ელიტების განსაკუთრებული გამბედაობა არის მნიშვნელოვანი, რომ რეალური გარდატეხა მოვახდინოთ ამ ნეგატიურ ფენომენში. ერთია, რომ ჩვენ შეიძლება კანონები მივიღოთ და შევზღუდოთ, რომ ეს ნაკლებად გამაღიზიანებული იყოს გარკვეული ჯგუფებისთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პრობლემა პრობლემად რჩება. პრობლემა უნდა გაშიშვლდეს, უნდა დავინახოთ და რაც მთავარია, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პოპულარული ადამიანების სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ მიყვება ხალხი და მათ გამბედაობას ძალიან დიდი გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება”, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი