ახალი ამბები

“გვახსოვს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები, არც ამჯერად ვეთანხმებით” – კილაძე

16 მაისი, 2020 • 884
“გვახსოვს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები, არც ამჯერად ვეთანხმებით” – კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე არ ეთანხმება და ამბობს, რომ პარტია რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც არ იზიარებდა:

“პრეზიენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები. ამჯერადაც გვაქვს საქმე გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით.

ვფიქრობ, რომ სპეკულაციები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კვლავ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საარჩევნო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილების სახით მივიღოთ,”- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ “რუსთავი 2-თან”.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი