„მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, უახლოეს პერიოდში არ გადაიხედება.
„რა მოხდება მომავალში, ცხადი არ არის, მაგრამ მე არ მგონია, ეს გადაწყვეტილება ახლა შეიცვალოს. ყველა დააკვირდება ყურადღებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა“, — განაცხადა გრეგოროვამ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
„სერიოზული დარღვევები ვნახეთ, რაც საფუძველს არ გვაძლევს ვთქვათ, რომ არჩევნები აბსოლუტურად სამართლიანად და უპრობლემოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დაკვირვება ხელისუფლების ნაბიჯებზე, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ოპოზიციური პარტიების პოტენციურ აკრძალვასთან დაკავშირებით, რადგან ეს მხოლოდ დაადასტურებს დემოკრატიის უკანდახევას“, — განაცხადა გრეგოროვამ.
მიუხედავად ამისა, გრეგოროვა ოპოზიციას ურჩევს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და ხოლო თუ არ აღიარებენ შედეგებს, გადადგან სამართლებრივი ნაბიჯები, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ჩათვლით.
