ახალი ამბები

ძალიან იმედგამაცრუებელია – გრეგოროვა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე

13 მაისი, 2020 •
ძალიან იმედგამაცრუებელია – გრეგოროვა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე

ევრონესტის საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის ვიცე-თავმდჯომარე და მწვანეების ევროპული კავშირის წევრი, მარკეტა გრეგოროვა, იმედგამაცრუებელს უწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. არსებული ვითარება მან “ნეტგაზეთისთვის” 13 მაისს  გამოგზავნილ კომენტარში შეაფასა.

“დიდ იმედებს ვამყარებდი ქართველი პარლამენტარების მიერ მარტში მიღწეულ შეთანხმებაზე. მომდევნო კვირას ჩანიშნული იყო  სესია, რომელზეც ევროპარლამენტს კენჭი უნდა ეყარა ჩემ მიერ ინიცირებული რეზოლუციისთვის საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი შეაჩერა, თუმცა მქონდა იმედი, რომ ის შეთანხმებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ახლა ჩანს, რომ მან იმოქმედა მასზე[შეთანხმებაზე] და კორონავირუსი, შესაძლებელია, გამოყენებული იქნა როგორც საფარი. არავის შეუძლია, თქვას, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, თუ კორონავირუსმა გააჩინა შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია და ევროპული პარლამენტი გამოეხმაურება ამ მოვლენებს სამომავლო განცხადებებში საქართველოს მთავრობის მიმართ”, – გვწერს ის.

მარკეტა გრეგოროვა ერთ-ერთია ევროპარლამენტის 26 წევრს შორის, რომელთაც გიორგი გახარიასთვის მარტში გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ხელი მოაწერეს. წერილში ისინი „წუხილს გამოთქვამენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში საქართველოს უკუსვლის“, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდების გამო და გმობენ 2019 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.


პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის თქმით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი “უტიფრად სპეკულირებს” და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება.

ამის შემდეგ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, რომ შეთანხმების “სრულად შესრულების” გარეშე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

“შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე მხარს არ დავუჭერთ. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი