ახალი ამბები

ნათელაშვილი ოპოზიციას 20 ივნისს რუსთაველზე აქციის გამართვას სთავაზობს

13 მაისი, 2020 • 1200
ნათელაშვილი ოპოზიციას 20 ივნისს რუსთაველზე აქციის გამართვას სთავაზობს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მან ოპოზიციას შესთავაზა, 20 ივნისს  რუსთაველის გამზირზე დისტანციის დაცვით გაიმართოს აქცია, რათა ხელისუფლებას შეახსენონ, რომ ხალხს არ ავიწყდება ხელისუფლების ნამოქმედარი. ამის შესახებ ნათელაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“20 ივნისს დისტანციით დაცვით უნდა ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს და, რაც მთავარია, ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, მათი ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ წინააღმდეგობა ეს არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური ან პოლიტიკური”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ამის შესახებ სხვა ოპოზიციონერებს აზრი გაუზიარა, რომელთაც არ გაკვირვებიათ ნათელაშვილის მოსაზრება, რადგან “ძალიან ბევრი იგივეს ფიქრობდა გულში”.

დღეს, 13 მაისს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიცია შეიკრიბა, სადაც იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის საპატიმროდან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისფლებაზე. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში,  მხარს არ დაუჭერენ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი