“საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, რომ არავითარი კომპრომისი და უკანდახევა არ იქნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხზე”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ბოიკოტს არ შეწყვეტს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს არ შეასრულებს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, ერთსულოვნად მოითხოვეს საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის გაუქმება.
“შევთანხმდით, რომ მოთხოვნა რჩება იგივე – 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა და უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ ორივე შეთანხმება შესრულდეს და არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, ჩაშალოს ის”, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ.
“ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
“ოპოზიცია იყო ერთსულოვანი იმაში, რომ ორივე პირობა, რომელიც დევს შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს და მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება პოლიტიკური სივრცე იმისთვის, რომ ოპოზიციამ განიხილოს ბოიკოტის შეცვლის ან ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმებას მთლიანად, მას ვერ ექნება “ევროპული საქართველოს მხარდაჭერა”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები და ამ ცვლილებების განხორციელება ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია.
რაც შეეხება საპროტესტო აქციების განახლებას, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია დაინტერესებულია, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულოს და ამ ვითარებაში საპროტესტო აქციებზე ფიქრის სურვილი არ აქვს. თინა ბოკუჩავას თქმით კი, ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, ოპოზიციამ სხვადასხვა საპროტესტო ფორმას მიმართოს სოციალური დისტანციის ჩათვლით.