ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო მუშაობს, რათა TikTok-ზე აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი ცალკე აღარ გამოყონ

13 მაისი, 2020 • 2126
საგარეო მუშაობს, რათა TikTok-ზე აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი ცალკე აღარ გამოყონ

სოციალურ ქსელ TikTok-ს მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში ამ დროისთვის, 13 მაისისთვის, დამატებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ ადგილებს საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ TikTok-ზე ამ საკითხის გამოსოწრებასთან დაკავშირებით მუშაობენ: „ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის, TikTok-ის საკითხზე … აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“.

TikTok-ს, სოციალურ ქსელს, რომელიც მოკლე ვიდეოების გაზიარების საშუალებას იძლევა — ჩინური კომპანია ByteDance ფლობს. არც ჩინეთი ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუდებლობას.

განახლება: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და „გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში“.


ამ ფაქტზე 12 მაისს ფეისბუკზე გაამახვილა ყურადღება ზვიად აძინბაიამ, სპეციალისტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის არარეზიდენტმა მკვლევარმა.

სამინისტროს კომენტარის თანახმად, ისინი ყოველთვის რეაგირებენ „ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე“.

როგორც საგარეო უწყებაც აცხადებს, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც მათი მუშაობის შედეგად „სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა“.

არქივიდან:

Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი