ახალი ამბები

პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ — იონათამიშვილი

12 მაისი, 2020 • 1305
პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ — იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. სხვათა შორის, იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში, შეთანხმების პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული“, — განაცხადა იონათამიშვილმა.

თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, 8 მარტს სხვა ყველაფერთან ერთად მხარეები გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი