ახალი ამბები

ეს იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება – იონათამიშვილი ბავშვთა “რეაბილიტაციის სახლზე”

25 ნოემბერი, 2025 •
ეს იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება – იონათამიშვილი ბავშვთა “რეაბილიტაციის სახლზე”

“ქართული ოცნების” ინიციირებული კანონპროექტი “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” დღეს პლენარულ სესიაზე განიხილეს. თუმცა ჯერჯერობით დოკუმენტისთვის კენჭი არ უყრიათ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, რატი იონათამიშვილის თქმით, საკომიტეტო განხილვებისას დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა და დაზუსტდა ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც იქამდე ბუნდოვანი იყო.

მაგალითად, იონათამიშვილი ამბობს, რომ “რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში” იმ ბავშვებს გადაიყვანენ, რომლებიც 14 წლამდე ასაკში ჩაიდენენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამ ტიპის დანაშაულებში არ შედის, მაგალითად, ქურდობა, რომელიც, იონათამიშვილისვე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ამ ასაკის ბავშვებში.

გარდა ამისა, იონათამიშვილი ამბობს, რომ “რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი” იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება და იქ ბავშვებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ. ესეც მხოლოდ მას შემდე დაზუსტდა, რაც ინიციირებულმა ვარიანტმა საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების კრიტიკა დაიმსახურა.

“საკომიტეტო მოსმენებზე ჩვენ მკაფიოდ შევიტანეთ სხვადასხვა სახის ცვლილებები ტექსტში იმის ხაზგასმით, რომ სახლში განთავსება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იქნეს მიღებული. ოღონდ, ესეც ერთდონიანი გადაწყვეტილება არ არის – მიმართვის შემდეგ მსჯელობს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებაც საჩივრდება, რასაკვირველია. სახლში განთავსების გადაწყვეტილებას იღებს 6 თვემდე, გაგრძელების პერსპექტივით – ოღონდ, გრძელვადიანი ვერ იქნება ეს გაგრძელების პერსპექტივა.

რაც შეეხება ამ სახლს, როგორი კონცეფცია უნდა იყოს, ესეც კანონპროექტში არის აღწერილი და ინიციირების მერე კიდევ უფრო დაზუსტდა. ეს უნდა იყოს მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება, სადაც განსხვავებული სქესის მქონე პირების ერთად განთავსებაც არ იქნება დასაშვები და კიდევ არის სხვადასხვა ჩამკეტი მექანიზმები ამ მიმართულებით […]  თავისუფლების აღკვეთა არ ხდება, მაგრამ განთავსება გულისხმობს ზუსტად იმას, რომ სანამ პროგრამა არ ამოიწურება, ბავშვი უნდა იყოს იმ სახლში.

[…] ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზეა საუბარი, საფუძვლად რაც შეიძლება დაედოს – ქურდობა არ არის, ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე რაც არის სისხლის სამართალში, იმასთან ეკვივალენტური ქმედება. თორემ, ისე რაც შეეხება დანაშაულის ტიპებს [რომებსაც სჩადიან ამ ასაკის ბავშვები], ეს არის, რა თქმა უნდა, ქურდობა, მაგრამ არის ყაჩაღობაც, არის ძალადობაც, არის სქესობრივი დანაშაულიც და ძალიან დიდია ისეთი სტატისტიკაც, როდესაც 14 წლამდე შემჩნეული ბავშვი 18 წლამდე იდენს ანალოგიურ, ან უფრო მძიმე დანაშაულს. დაახლოებით ეს არის 60-70% შემთხვევაში. ესეც ნიშნავს იმას, რომ თუ 14 წლამდე ჩვენ ეფექტურები ვერ ვიქნებით, 14 წლის შემდეგ, ის ღონისძიებები, რასაც სახელმწიფო გაატარებს, შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს იმისთვის, რომ ეს ბავშვი გადავარჩინოთ და არ გახდეს კრიმინალური სამყაროს წევრი”, – განაცხადა იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე 25 ნოემბერს.

მისი თქმით, აშენდება არა ერთი, არამედ მინიმუმ ორი მსგავსი სახლი – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ინიციირების შემდეგ დოკუმენტში დაზუსტდა ამ სახლში განთავსების ვადებიც – 4-ჯერ იქნება შესაძლებელი ვადის გახანგრძლივება მაქსიმუმ 6 თვით. თუმცა იონათამიშვილი ამბობს, რომ იქნება შუალედური მონიტორინგიც და შესაძლებელი იქნება მოზარდმა განსაზღვრულზე ადრეც დატოვოს დაწესებულება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიციირების შემდეგ დაზუსტდა, ეხება იმ მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს ბავშვებთან “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი”. სწორედ ეს ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს მოსამართლეს და ცენტრის პროგრამების გავლის შემდეგ ბავშვის სახლში – დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვოს. იონათამიშვილის თქმით, მულტიდისციპლინური ჯგუფი დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებიც სპეციალიზებული არიან ბავშვთა უფლებებზე: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი და სხვა.

რატი იონათამიშვილი ირწმუნება, რომ კანონპროექტის მიზანია ბავშვების რესოციალიზაცია და არა მათი დასჯა. მისი თქმით, ინიციატივაზე მუშაობისას ფიქრობდნენ, არსებულ კოდექსში შეეტანათ ცვლილებები, თუ ახალი კანონი შეექმნათ და საბოლოოდ ამ უკანასკნელზე შეჯერდნენ. იონათამიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება სწორედ იმიტომ მიიღეს, რომ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იმ არასრულწლოვანს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, უყურებს როგორც კრიმინალს, დამნაშავეს. ჩვენ სწორედ ეს გაცხადებული პოლიტიკა გვინდოდა გაგვეჟღერებინა, რომ ამ შემთხვევაში არანაირ დამნაშავეებთან არ გვაქვს საქმე და აქ უკვე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ არცერთი, მით უმეტეს, 14 წლამდე ბავშვი არ უნდა სჩადიოდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას”.

“სახელმწიფო იმ ბავშვებს, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიან, უნდა უყურებდეს არა როგორც დამნაშავეებს, არამედ მათ, ვისაც სჭირდება მხარდაჭერა და სახელმწიფო მზრუნველობის გაძლიერება. ეს არის ზუსტად ის მთავარი პარადიგმა, რასაც ეფუძნება ის ინიციატივა, რომელზეც დღეს მე თქვენ წინაშე ვსაუბრობ […] როდესაც ვსაუბრობთ არასრულწლოვანებზე და ამ შემთხვევაში, 14 წლამდე არასრულწლოვანებზე, მთავარია, საიდან დავინახავთ ჩვენ ამ პრობლემას: დავინახავთ როგორც კრიმინალურ ისტორიას თუ დავინახავთ საკითხს, რომელსაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გამოვლენა სჭირდება იმისთვის, რომ ბავშვები, რომლებიც დღეს კანონთან კონფლიქტში იმყოფებიან, მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდებიან, იყვნენ დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტული აქტივობებით, სრულფასოვანი განათლების მიღებით და არა კრიმინალური საქმიანობით”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

17 ნოემბერს “ქართული ოცნების” პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი  “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ”.

კანონპროექტის მიხევდით, “კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი” განიმარტება, როგორც “არასრულწლოვანი, რომელთან მიმართებაშიც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი”.

მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლამდე პირებზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ არსებობს რეაგირების მექანიზმი ამ ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა და მისი მიზანია 14 წლამდე მოზარდების “რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა”.

ინიციატივას ბავშვთა უფლებების დამცველების მხრიდან მწვავე შეფასებები და კრიტიკა მოჰყვა. სფეროს პროფესიონალები – ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, იურისტები, მათ შორის, ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო უწყებებში ბავშვებთან, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე, ბავშვთა რეფერირების ცენტრებში, შიშობენ, რომ კანონი ბავშვების დასჯის მექანიზმი გახდება და ის ვერ შეასრულებს “ძალიან კარგი ტერმინებით შეფუთული” მიზნებს.

მათი პოზიციებსა და შეფასებებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი