ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი განიხილება

12 მარტი, 2024 • 639
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი განიხილება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იონათამიშვილის კანდიდატურა უმრავლესობის წევრებს თავად შესთავაზა.

„ველაპარაკე რატის და, ბუნებრივია, ამაზე უარი არ უთქვამს, პირიქით, სიხარულიც კი გამოხატა, რადგან ყველზე ორგანული თუკი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ შორის პროფესიონალი ადამიანები გვყავს, იქ არის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. თუმცა ამ შემთხვევაში რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში. ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათო თემაც არ შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი