ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო სტრატეგია მიიღო

12 მაისი, 2020 • 1606
ევროკავშირის საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო სტრატეგია მიიღო

ევროკავშირის საბჭომ მოიწონა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება”, რომელიც ევროკომისიამ 18 მარტს გამოაქვეყნა.

თავის დასკვნაში ევროკავშირის საბჭო მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებს დღემდე და ადასტურებს რომ მოქმედი პოლიტიკური ჩარჩო “20 შედეგს 2020 წლისთვის” ხელშესახებ შედეგს იძლევა.

საბჭო, ასევე, ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობა იყოს უფრო სტრატეგიული, ამბიციური, მოქნილი და ინკლუზიური თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც მის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ერთობლივად გადაჭრან საერთო და გლობალური პრობლემები, განსაკუთრებით ისეთ უპრეცედენტო სიტუაციებში, როგორიც დღეს შექმნილია COVID-19-ის პანდემიის გამო.

ევროკავშირის საბჭო მხარეებს მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ისეთი ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებისკენ, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა.

ევროკავშირის საბჭო მიესალმება საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და DCFTA-ის სრული იმპლემენტაციისკენ მოუწოდებს.

საბჭო იხსენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია გათვალისწინებული.

საბჭო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ძალისხმევა დამატებითი პროგრესის მისაღწევად ისეთ საკითხებში, როგორიცაა გადაუჭრელი პრობლემები მართლმსაჯულების და ანტიკორუფციულ სფეროებში, ასევე, გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

“კანონის უზენაესობის ნაწილში პროგრესი აგვიანებს. დემოკრატიის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, დისკრიმინაციის არარსებობა, გენდერული თანასწორობა, დმოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემა, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, დემოკრატიული ინსტიტუტები,- არის სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების ქვაკუთხედი და განვითარების გასაღები”, – აცხადებს ევროკავშირის საბჭო და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს და ევროკომისიას სთავაზობს მართლმსაჯულების რეფორმების უფრო ეფექტურ მონიტორინგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს მიესალმება.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო ამ დასკვნით დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასახულია დასკვნით დოკუმენტში. ასევე, საუბარია ევროკავშირის შიდა ბაზარზე დაახლოებაზე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და მის პარტნიორ 6 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) შორის. მიმდინარე წლის ბოლოს ვადა ეწურება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის არსებულ დღის წესრიგს “20 შედეგს 2020 წლისთვის”. 18 მარტს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წამოაყენეს წინადადება “აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ”. წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალ ხედვაში სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

EaP-ის ახალი პოლიტიკის ხედვა ეფუძნება 5 ძირითადი პრინციპის გაძლიერებას:

  1. მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა
  2. ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება
  3. გარემოს და კლიმატის მედეგობა
  4. ციფრული ტრანსფორმაცია
  5. სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები

მედეგობის გაძლიერება – ევროკავშირმა EaP-ის მომავლის ხედვა წარმოადგინა

EU-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხედვა გულდასაწყვეტია – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი