ახალი ამბები

მედეგობის გაძლიერება – ევროკავშირმა EaP-ის მომავლის ხედვა წარმოადგინა

18 მარტი, 2020 •
მედეგობის გაძლიერება – ევროკავშირმა EaP-ის მომავლის ხედვა წარმოადგინა

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, დღეს, 18 მარტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი მიზნების შესახებ წინადადება წარმოადგინეს.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წელს მიღმა: მედეგობის გაძლიერება” ითვალისწინებს EaP-ის ექვს წევრ ქვეყანასთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ვაჭრობის გაზრდას, დაკავშირებადობის გაძლიერებას და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის, ეკოლოგიური და კლიმატის მედეგობის, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას.

“ჩვენი მეზობლების სიძლიერე ევროკავშირის სიძლიერეა. აღმოსავლეთ პარნტიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ელემენტად რჩება. ჩვენი წინადადებები უფრო გააძლიერებს ჩვენს ექვს პარნტიორ ქვეყანას, ასახავს პრიორიტეტებს და გამოწვევებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, ამავდროულად, აქცენტს აკეთებს მოქალაქეებისთვის ხელშესახები და პოზიტიური შედეგების მიწოდებაზე”, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ.

EaP-ის ახალი პოლიტიკა ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს:

  1. ერთად მედეგი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის;
  2. ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უნზენაესობის და უსაფრთხოებისთვის;
  3. ერთად გარემოს და კლიმატის მედეგობისკენ
  4. ერთად მედეგი ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვისკენ
  5. ერთად მედეგი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისთვის.

“კარგი მმართველობა, დამოკრატია, კანონის უზენაესობა – ეს არის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელსაც ცენტრალური ადგილი უკავია ევროკავშირის ურთიერთობებში მის 6 მეზობელ ქვეყანასთან. ეს ასევე საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების და განვითარების საწინდარია. კანონის უზენაესობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ეფექტური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას, რათა გააძლიეროს კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული მექანიზმები, ისევე, როგორც სასამართლო სისტემის დამოუკიდებელობა, მიუკერძოებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, საჯარო ადმინისტრირება. ევროკავშირი რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო საზოგადოებების და მედიის მხარდაჭერის ერთგული რჩება.

აუცილებელია, პარტნიორობის საფუძველის ერთგულების ხელახლა დადასტურება და უკეთესო ზომების მიღება სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დახმარების გამოყოფისას მხედველობაში მიიღებს პროგრესს კანონის უზენაესობაში. სერიოზულმა ან ხანგრძლივმა სტაგნაციამ ან თუნდაც უკუსვლამ რეფორმების იმპლემენტაციაში უნდა გამოიწვიოს ევროკავშირის დახმარების შემცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას”, – განმარტავს ევროკავშირი.

ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი ჩარჩოს წარმოდგენა განპირობებულია იმით, რომ ერთობლივი რეფორმების მოქმედ დღის წესრიგს “20 შედეგი 2020 წლისთვის” წლის ბოლოს ვადა ეწურება. ახალი ხედვის დამტკიცება და ფინანსების გადანაწილება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მოხდეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში არის დაგეგმილი.


,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი,  ბელარუსი,  მოლდოვა,  საქართველო,  სომხეთი,  უკრაინა) თანამშრომლობის ფორმატი,  წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას.  მისი მთავარი მიზანია, ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP)  განხორციელების ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთ განზომილების გაძლიერება. აღსანიშნავია,  რომ მოცემული ინიციატივა ამ ქვეყნებს,  ევროკავშირთან მნიშვნელოვნად დაახლოების მიზნით, კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი