ახალი ამბები

ელჩების განცხადებამ მოსპო სივრცე სპეკულაციებისთვის – კობახიძე

11 მაისი, 2020 • 2223
ელჩების განცხადებამ მოსპო სივრცე სპეკულაციებისთვის – კობახიძე

„რადიკალური ოპოზიციის ენას, სამწუხაროდ, ძვალი არ აქვს, თუმცა ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“.

თალაკვაძის განცხადებას იმავე საღამოს ერთობლივად გამოეხმაურნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, რომლებიც მოლაპარაკებების ფასილიტატორები იყვნენ, და განაცხადეს:

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა.

ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.

კობახიძემ ამ განცხადებების შემდეგ, 11 მაისს, „იმედის“ საღამოს ეთერში განაცხადა, რომ შეთანხმების მეორე ნაწილის მიზანი იყო „მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია“ და ელჩების განცხადების დიპლომატიური ენის მიუხედავად, იქ მკაფიოდ ჩანს:

„შეთანმხება, ბუნებრივია, ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა — პრევენცია. ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და, მით უმეტეს, შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში პოლიტიკური ჩარევა მართველი პარტიის მხრიდან“, – თქვა მან.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.


ამ საკითხს აშშ-ის კონგრესის წევრი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა: კინზინგერმა 11 მაისს ტვიტერზე გააზიარა დიალოგის ფასილიტატორების — აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების — ახალი განცხადება ამავე საკითხზე და დაწერა: „მშვენიერი ნათქვამია. აუცილებელია, საბოლოოდ შესრულდეს ეს შეთანხმება და [მხარეები] წინ წავიდნენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი