ახალი ამბები

პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის – კონგრესმენი კინზინგერი

15 ნოემბერი, 2019 • 3684
პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის – კონგრესმენი კინზინგერი

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი (რესპ. ილინოისის შტატი) აცხადებს, რომ შოკირებულია პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებით და „ქართველი ხალხი იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა“.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ კონგრესმენ კინზინგერის განცხადებას, რომელიც 14 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაავრცელა:

„ამ დილას შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმა ჩავარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირებმა არ მისცეს ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. წინა კვირას, საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, კმაყოფილი ვიყავი, რადგან ეს რეფორმა გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და, რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება. და გამოსწორდება ძალიან მალე.

როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა მისი რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო. საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფალთ, დაუყოვნებლივ გააგრძელონ მოლაპარაკებები და გაიტანონ რეფორმათა ეს პაკეტი. ქართველებს სურთ სახალხო ხელისუფლება. მათ სურთ ხელისუფლება, რომელიც უფრო შეესაბამება დასავლეთს და უნდათ, რომ აღიარონ, როგორც ნატოს მოკავშირე. ამ საკონსტიტუციო დამატების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია, რათა სრულყოფილი გაეხადა დამოუკიდებლობა და გამოცალკევებულიყო აგრესიული მეზობლისგან, რუსეთისგან“.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი