ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ვერ ახერხებენ Covid-19-ის დიაგნოზის დასმას – ანგარიში

8 მაისი, 2020 • 1782
ყარაბაღში ვერ ახერხებენ Covid-19-ის დიაგნოზის დასმას – ანგარიში

იმის მიუხედავად, რომ ერევნიდან Covid-19-ის ტესტების პაკეტები გაუგზავნეს, ყარაბაღში ვერ ახერხებენ კორონავირუსის დიაგნოზის დასმას, რის გამოც პაციენტისგან აღებული ნიმუშები სომხეთში იგზავნება პასუხის მისაღებად, — წერია სამშვიდობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (International Crisis Group/ICG-ის) ახალ ანგარიშში.

ამასთან, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები გრძელდება, რაც მრავალმხრივაა დამაზიანებელი. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილის მოკლე მიმოხილვას, რომელიც ყარაბაღს ეხება:


8 მაისის მონაცემებით, ყარაბაღში COVID-19–ის რვა შემთხვევაა დადასტურებული. ამავდროულად, სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის ურთიერთგაცვლა გრძელდება.

ეს იმის მიუხედავად, რომ მარტის შუა რიცხვებიდან ეუთოს მინსკის ჯგუფმა (რომლის საშუალებითაც საფრანგეთი, რუსეთი და აშშ ცდილობენ კონფლიქტის შუამავლობას) ორჯერ მოუწოდა მხარეებს, რომ კრიზისის პერიოდში მაინც გამოაცხადონ დროებითი ზავი და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ.

თუმცა, ამის მიუხედავად, ერევანი და სტეფანაკერტი (ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქი, აზერბაიჯანულად – ხანქენდი) იუწყებიან, რომ აზერბაიჯანული ძალების მხრიდან სროლას სამი სომეხი ჯარისკაცი და ერთი არასრულწლოვანი სამოქალაქო პირი შეეწირა.

როგორ შეხვდა ყარაბაღი პანდემიას?

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში კონფლიქტმა გაანადგურა მთიანი ყარაბაღის სამედიცინო ინფრასტრუქტურა; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და სომხური დიასპორის ნაწილმა სტეფანაკერტს მიაწოდა ბაზისური სამედიცინო მარაგები, სამედიცინო პერსონალს არა აქვს კრიზისთან გამკლავებისთვის საჭირო აუცილებელი ცოდნა.

„ცოდნის უფსკრული ნაწილობრივ იმის გამო არსებობს, რომ არაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქის სტატუსი იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს უშლის მოგზაურობაში, ხელს უშლის, დაესწრონ ტრენინგებსა და პროფესიულ კონფერენციებს“, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია ICG მდგომარეობას განსაკუთრებით მძიმედ აღწერს სტეფანკერტის გარეთ, სადაც „ძირითადი ტექნიკა და სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი მოძველებულია და მცირე რაოდენობითაა“.

მეტიც, — მიუხედავად იმისა, რომ ერევანმა სტეფანაკერპტს გადასცა Covid-19-ის ტესტირების პაკეტები, ადგილობრივი ლაბორატორია ვერ ახერხებს შედეგების ანალიზს, ანუ დიაგნოზის დასმას, და ამიტომ ნიმუშები სომხეთში იგზავნება.

დე ფაქტო ხელისუფლება შემდეგი ნაბიჯებით შეხვდა პანდემიას: მარტის ბოლოს დახურა გადასასვლელები სომხეთში, მიიღო რამდენიმე პრევენციული ზომა, თუმცა მაინც ჩაატარა დე ფაქტო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 31 მარტს, განმეორებითი კენჭისყრა კი-14 აპრილს.

იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და ადგილობრივი ექიმები თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგიერთმა კანდიდატმა დიდი მიტინგები გამართა სტადიონებსა და ქალაქების მოედნებზე;

ხმის მიცემის დღეს აქტივობა მაღალი იყო, და ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილს ეკეთა პირბადეები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკმაოდ გრძელ რიგში იდგნენ მხის მისაცემად.

გადაადგილების შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 14 აპრილს საარჩევნო უბნები დაიხურა. აპრილის ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღმართა სამი ბლოკპოსტი, რათა ტერიტორიის შიგნით შეეზღუდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა

დღეს „წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს რეგიონზე წვდომა. ის ანაწილებს დახმარებას ხანდაზმულ მოსახლეობაში, ახალგაზრდებს გადასცემს ელექტონულ პლანშეტებს, რათა ინტერნეტით სწავლის გაგრძელება მოახერხონ; ბავშვთა თავშესაფრებს, ადგილობრივ კლინიკებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს აწვდის პირბადეებს, ხელთათმანებს და სანიტაიზერებს;

ჯანდაცვის ადგილობრივ მუშაკებთან ერთად, „წითელმა ჯვარმა“ დაიწყო საავადმყოფოების საჭიროების შეფასება გარკვეული ტერიტორიის მასშტაბით. მაგრამ, როგორც ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ერთ-ერთი დიპლომატი (რომლის სახელიც არ არის დასახელებული) ამბობს ICG-სთან,  „წითელი ჯვარი არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ და „მას არ აქვს შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს სპეციალისტები და ისინი, ვინც კარგად იცის, როგორ მართოს პანდემია“.

გარდა ამისა, „წითელი ჯვრის“ წვდომა შეზღუდულია. მისი მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდის საზღვრებითაა განსაზღვრული, კერძოდ კი, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ფარგლებში. შესაბამისად, მას არ მიუწვდება ხელი სტეფანაკერტის მიერ კონტროლირებად იმ მიმდებარე დასახლებებზე, სადაც 17,000-მდე ადამიანი ცხოვრობს და გამოვლენილია რეგიონის პირველი შვიდი COVID-19 შემთხვევა.

სტეფანაკერტი დამოკიდებულია განუწყვეტელ დახმარებაზე ერევნიდან, მაგრამ სურს, მიიღოს უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება. სომხეთი, თავის მხირვ, თავად დგას რთული ვითარების წინაშე და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვს.

იმის გამო, რომ მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება, საერთაშორისო ორგანიზაციები საჭიროებენ ბაქოს ნებართვას, რათა იქ იმუშაონ. აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე, გაეროს ვერც ერთი სააგენტო, მათ შორის ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ყარაბაღში ვერ იმუშავებს; იგივე ვრცელდება საერთაშორისო არასამთავრობო დონორებზე.

მინსკის ჯგუფი აპრილის დასაწყისიდან აქტიურად მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს, მოაგვარონ ეს საკითხი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაქოში მის კოლეგას ორჯერ დაურეკა ამ საკითხზე.

„ამ ჩუმმა დიპლომატიამ შედეგი გამოიღო და 21 აპრილს ონლაინ შეხვედრაზე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს საერთო განცხადება, სადაც ადასტურებენ მხარეთა თანხმობას, რომ ორგანიზებული იქნება ყარაბაღის მხარდაჭერის ღონისძიებები „პოლიტიკური საზღვრების გათვალისწინების გარეშე“. დამაიმედებელი მესიჯის მიუხედავად, ჯერჯერობით არ გადადგმულა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები…

მასალების გადაბეჭდვის წესი