ახალი ამბები

საგარეჯოელ ექთანთან კორონავირუსი საბოლოოდ დადასტურებულად არ ითვლება – ბოჭორიშვილის კლინიკა

8 მაისი, 2020 • 1060
საგარეჯოელ ექთანთან კორონავირუსი საბოლოოდ დადასტურებულად არ ითვლება – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, საგარეჯოში მცხოვრებ ექთანს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ხელახალი ტესტი ჩაუტარდება, რადგან არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მას კორონავირუსი არ აქვს.

“მედიკოსი, რომელის საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და გვაქვს ახლაც მეორე პრეცედენტი, როდესაც მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება. დადასტურებულ პაციენტებში ამჯერად ეს მედიკოსი არ მოიაზრება. დღეს მოხდება PCR კვლევით გადამოწმება და ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითის დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. მისი კონტაქტები კარანტინში გადაჰყავთ… მედიკოსების ჯგუფებს არ აქვთ ერთმანეთთან შემხებლობა და მაქსიმალურად მინიმუმადეა დაყვანილი ეპიდემიოლოგიური რისკები მათ შორის. რა თქმა უნდა, ჰქონდა შეხება, მაგრამ ეს არის რამდენიმე ერთეული ადამიანი, რომლებიც კარანტინში გადავლენ. სამია ჩვენი კლინიკიდან”, – განმარტა სოლოღაშვილმა.

8 მაისის დილის 11:40 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 288 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723 ადამიანი, 446 კი- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი