ვარკეთილში, “ანას ბაღთან” სამშენებლო სამუშაოები დღეს, 7 მაისს განახლდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს სამშენებლო კომპანიაში “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი”.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი ბენაშვილის თქმით, მშენებლობის განახლების უფლება მათ სასამართლომ მიანიჭა მას შემდეგ, რაც წარადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერება კომპანიას აყენებდა როგორც ფინანსურ ზიანს, ასევე, რისკს წარმოადგენდა ტექნიკური თვალსაზრისითაც:
“ბევრი ტექნიკური დეტალია, რომლის გამოც აუცილებელი იყო მშენებლობის განახლება. ზაფხული მოდის და ადგილზე არის გრუნტის წყლები, რომლის ასე მიტოვებაც არ შეიძლებოდა, ასევე უნდა მომხდარიყო ამ წყლების ამოტუმბვა, რომ არ დაეზიანებინა გარშემო რაიმე. გარდა ამისა, კომპანიას ამ პერიოდში ყოველდღიურად ფინანსური ზარალი ადგებოდა”, – განმარტა ბენაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან აქტივისტები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა “ანას ბაღთან” მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტის, გიორგი ფხალაძის თქმით, ისინი მშენებლობის განახლებას ხვალ, 8 მაისს პერფორმანსით გააპროტესტებენ:
“რადგან შეკრების უფლება არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვგეგმავთ პერფორმანსის მოწყობას – ხვალ მშენებლობასთან დავაწყობთ ფეხსაცმელებს იმის გასაპროტესტებლად, რომ ჩვენ არ გვაქვს შეკრების და გაპროტესტების უფლება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს მშენებლობის განახლების უფლება მიეცათ და მათ შეუძლიათ ტერიტორიაზე შეკრება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ფხალაძემ.
მისი განმარტებით, საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდეგ აქტივისტები თბილისის მერიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. გარდა ამისა, “ანას ბაღის” მხარე გეგმავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ადვოკატის, მუხრან ღურცკაიას თქმით, სასამართლოში სარჩელს ორშაბათს, 11 მაისს შეიტანენ.
რამდენიმე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ “ანას ბაღის” აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე მშენებლობა შეაჩერა აქტივისტებსა და მშენებელ კომპანიას შორის დავის დასრულებამდე, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა და ისევ საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა. “ანას ბაღის” აქტივისტების განმარტებით, ამით სააპელაციო სასამართლომ კომპანიას შეჩერებული მშენებლობის აღდგენაზე, ფაქტობრივად, მწავნე შუქი აუნთო.
https://www.facebook.com/156119951798982/videos/1356373521239142/?t=236