ახალი ამბები

“ანას ბაღის” დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

15 აგვისტო, 2020 • 1694
“ანას ბაღის” დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

“ანას ბაღის” დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში ქურდობის მუხლით მიმდინარე საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს. როგორც ფხალაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, პოლიციაში საჩივარი “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” მფლობელმა, იოსებ ყაჯრიშვილმა შეიტანა. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებს “ანას ბაღთან” სამშენებლო სამუშაოებს.

“ფეისბუქზე” “ანას ბაღის გადასარჩენად” შექმნილ ჯგუფში პოსტზე, სადაც ფხალაძე მის საგამოძიეობო უწყებაში დაბარებაზე საუბრობს, იოსებ ყაჯრიშვილმა კომენტარის სახით ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს, რომ უცნობი პიროვნება მშენებლობის მიმდებარედ გაჩერებული მანქანის საბარგულს კეტავს, ავტომობილში ჯდება და მიდის.

როგორც გიორგი ფხალაძე ამბობს, სავარაუდოდ, ვიდეო 10 აგვისტოს 15:00 საათზეა გადაღებული, რა დროსაც თავად სამტრედია-ლანჩხუთის გზაზე იყო და თბილისში მოემართებოდა.

“დღეს დილით დამირეკა გამომძიებელმა და დამიბარა გამოკითხვაზე მოწმის სახით სამმართველოში. შემდეგ 15 წუთში დამირეკა და მომაკითხა სადაც ვიყავი და ჩამაბარა უწყება, რომ დაბარებული ვარ 18:00 საათზე დღეს სამმართველოში გამოკითხვაზე მოწმის სახით. სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც ქურდობის ფაქტზე შეიტანა პოლიციაში საჩივარი, ვიდეო გაავრცელა, რომელზედაც ვიღაც ადამიანია, მე არ ვარ და რაღაც ფაქტიც ფიქსირდება, არ ვიცი ქურდობის ფაქტია თუ რისია. მე მაგ დროს არ ვიმყოფებოდი თბილისში და სამშენებლო კომპანია აცხადებს, რომ მაგ ვიდეოში მე ვარ”, — აცხადებს გიორგი ფხალაძე.

ფხალაძე მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას წინასაარჩევნოდ აქტივისტების გაჩუმებისა და დაშინების მცდელობას უკავშირებს.

“ამ ყველაფერს ჩვენს დევნას ვუკავშირებ, იმიტომ, რომ ჩვენი პროტესტი საკმაოდ ხმაურიანი იყო, რომელიც გრძელდება, ისევე, როგორც სასამართლო დავა — ახლა ვაპირებთ სტრასბურგში წასვლას. ვფიქრობ, რომ კალაძეს წინასაარჩევნოდ ჩვენი აქტივობა არ აწყობს და ცდილობს, რომ შეგვაშინოს, დაგვაშინოს და თუ რა გამოუვიდა, დაგვიჭიროს კიდეც. ამიტომაც ამას ჩვენს აქტივობას ვუკავშირებ, რადგან საქმეში ის სამშენებლო კომპანიაა ჩართული, რომელიც “ანას ბაღთან” ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს”, — ამბობს ის.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი