ახალი ამბები

ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი – კალაძე “ანას ბაღის” აქტივისტებზე

23 მაისი, 2020 • 2117
ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი – კალაძე “ანას ბაღის” აქტივისტებზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ანას ბაღის” შესანარჩუნებლად გაერთიანებული აქტივისტების შესახებ განაცხადა, რომ ისინი არიან “უსაქმური ადამიანების ჯგუფი” და “ანას ბაღს” არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩემი მერობის პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობებისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობა რომელიც მიმდინარეობს “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს. პირიქით “ანას ბაღი” კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის “ანას ბაღის” შესანარჩუნებლად დაგეგმილ დღევანდელ აქციაზე.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

 

„ანას ბაღის დამცველები“ მერიასთან აქციას მართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი