ახალი ამბები

“ანას ბაღთან” დაკავშირებით სასამართლომ განზრახ გააჭიანურა განჩინების ჩაბარება – აქტივისტები

31 ივლისი, 2020 • 1165
“ანას ბაღთან” დაკავშირებით სასამართლომ განზრახ გააჭიანურა განჩინების ჩაბარება – აქტივისტები

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომელიც “ანას ბაღის” შესანარჩუნებლად უკვე რამდენიმე წელია იბრძვის, აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების ჩაბარების პროცედურები განზრახ გაწელა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას მშენებლობის გაგრძელების საშუალება ჰქონოდა.

როგორც “ანას ბაღის” ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი ფხალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, სააპელაციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 11 ივლისს იწურებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, სასამართლომ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 30 ივნისს მიიღო, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს განჩინება 2 კვირის განმავლობაში უნდა ჩაბარებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების დროული ჩაბარება კი, აქტივისტის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსარჩელე მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, ამ ხნის განმავლობაში კი კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აგრძელებს.

“რაც უფრო მეტად გაიწელება სასამართლო პროცესები, მით უფრო მეტის აშენებას მოასწრებს სამშენებლო კომპანია. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიამ უკვე მოასწრო კედლების აშენება, ერთი თვის წინ აქ არავითარი კედლები არ იყო. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტს ააშენებენ, მით უფრო რთული იქნება შემდეგ მის დემონტაჟზე თანხმობის მოპოვება”, – განმარტა ფხალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ანას ბაღის” აქტივისტების ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ადვოკატმა რამდენჯერმე მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომ მათთვის განჩინება დროულად ჩაებარებინა, თუმცა სასამართლომ ეს პროცესი დროში გაწელა:

“დაგვიანების მიზეზად მითხრეს, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს სასამართლოს და გადატვირთულია, შესაბამისად, განჩინების დაწერას ვერ ახერხებდნენ. რამდენჯერმე ვესაუბრე თანაშემწეს, მივმართე განცხადებით. მითხრეს, რომ ხელზე ვერ მომცემდნენ და ფოსტით გამომიგზავნიდნენ, მაგრამ უშედეგოდ ველოდე 5 დღე. შემდეგ ხელახლა მივმართე და ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, თუ კიდევ გაწელავდნენ დროში, რის შემდეგაც დღეს ჩაგვაბარეს ხელზე”, – განმარტავს ღურწკაია.

ღურწკაიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით პირველად მიმდინარე წლის მარტში შეიტანეს. აღნიშნული სარჩელი პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა და კომპანიას “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელება აუკრძალა. თუმცა ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც აღნიშნული სარჩელი დააკმაყოფილა და კვლავ პირველ ინსტანციაში დააბრუნა განსახილველად. შემდეგ პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება “ანას ბაღის” საწინააღმდეგოდ მიიღო, რომელი გადაწყვეტილებაც აქტივისტებმა კვლავ გაასაჩივრეს სააპელაციოში. სწორედ ამ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ აქტივისტები სტრასბურგის სასამართლოში.

“სარჩელის მომზადებას განჩინების საფუზველზე დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, განხილვას კი სტრასბურგის სასამართლო, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს მოანდომებს. ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობა გაგრძელდება. მშენებლობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით კი სასამართლო დავა ჯერ არც დაწყებულა”, – ამობს მუხრან ღურწკაია.

აქტივისტ გიორგი ფხალაძის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლება ექნება. ფხალაძის განცხადებით, ეს პრობლემას ქმნის იმიტომაც, რომ მშენებლობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ამ დრომდე არ დაწყებულა და პირველი პროცესი 25 აგვისტოსაა ჩანიშნული.

“სასამართლო დავის დაწყების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა კორპუსის დიდი ნაწილის აშენება მოახერხონ, შემდეგ კი მისი დემონტაჟის მიღწევა კიდევ უფრო გართულდება”, – განმარტავს ფხალაძე.

იმის გადასამოწმებლად, თუ კონკრეტულად რა დროს გაუგზავნეს მოსარჩელე მხარეს განჩინება და რატომ დაგვიანდა მისი ჩაბარება, “ნეტგაზეთი” თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუკავშირდა. სასამართლოს პრესსამსახურში განმარტეს, რომ განჩინების ჩაბარების დაგვიანება მოსამართლის გადატვირთულობასთანაა დაკავშირებული, რაც მხოლოდ “ანას ბაღის” საქმეს არ ეხება და ხშირდ ხდება, როდესაც განჩინების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში არ ხდება.

რაც შეეხება კონკრეტულად “ანას ბაღის” საქმეს, სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ განჩინება 22 ივლისს გაიგზავნა ფოსტით, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მხარეს ეს გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, სასამართლომ დოკუმენტი “ანას ბაღის” აქტივისტების ადვოკატს ხელზე გადასცა. სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ “ანას ბაღის” აქტივისტებს განჩინება ფოსტაში შექმნილი ხარვეზეის გამო არ მიუვიდათ დროულად.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი