ახალი ამბები

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

20 ნოემბერი, 2019 • 5250
სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს. უკვე 9 დღეა, რაც ეს აქციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

“ანას ბაღი” ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რა ხდება “ანას ბაღთან“ ?

“ანას ბაღის” მიმდებარედ მშენებლობისთვის შემოღობილი სივრცეა, რომლის ერთ-ერთ კედელთან სამეზობლომ უკვე მე-9 დღეა, რაც კარავი მოაწყო. ამ კარავში, როგორც თვითონ განმარტავენ, ზოგჯერ ერთი ან რამდენიმე ადამიანი დღე-ღამის განმვალობაში სიტუაციას აკვირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ მშენებლობა განახლდა, სპეციალურად მოწყობილ საყვირს რთავს.

სამეზობლომ “ანას ბაღის“ დასაცავად მშენებლობის წინ კარავი გაშალა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მეზობლები ამბობენ, რომ ეს რადიკალური გზა ერთადერთია, რომელიც მერიამ მათ დაუტოვა სკვერის გადასარჩენად. ნეტგაზეთს ისინი უყვბიან, რომ გარდა სკვერის რეკრეაციული დანიშნულებისა, “ანას ბაღი” მათთვის ემოციური მნიშვნელობის მატარებელიცაა. საქმე კი ის არის, რომ სკვერს ეს სახელი იმის შემდეგ დაერქვა, რაც კორპუსის ერთ-ერთ მცხოვრებს შვილიშვილი ტრაგიკულად დაეღუპა.

მეზობლები იხსენებენ, რომ გარდაცვლილი მოზარდი თავადაც უვლიდა ამ სკვერს, მისი დაღუპვის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ტრადიცია გაეგრძელებინათ და სკვერი ნებისმიერ ფასად დაეცვათ.

სამეზობლომ “ანას ბაღის“ დასაცავად მშენებლობის წინ კარავი გაშალა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მეზობელთა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი აქ მცხოვრები გიორგი ფხალაძეა. ნეტგაზეთთან ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მრავალსართულიან კორპუსს მაინც ააშენებს, “ანას ბაღი ბეტონის მარწუხებში მოექცევა”, აქ ვერ შემოვა მზის სხივი და უბრალოდ კორპუსის უკანა ეზო გახდება – ანუ განადგურდება.

სამშენებლო კომპანიის რენდერის მიხედვით, “ანას ბაღი“ შენობებს შუა მოექცევა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“2016 წელს ნარმანიას მერობის პირობებში ჩვენი ეზო თითქმის მთლიანად გასხვისდა, მოვიდნენ სამშენებლო კომპანიები და მიწის ნაკვეთების შემოღობვა დაიწყეს და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი პროტესტი. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ეზო დაგვიბრუნონ.

ჩვენ დავკარგეთ სივრცეები, რომლებიც საჭიროა ადამიანის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოში არსებობისთვის… სივრცე, რომელსაც სამეზობლო 45 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდა…,“ – ამბობს გიორგი ფხალაძე.

რაც შეეხება მერიას, ფხალაძე ამბობს, რომ სამეზობლომ უწყებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ისინი ქალაქის განვითარებას ხელს უშლიდნენ და “ანას ბაღს” საფრთხე არ ემუქრება. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მერიას, საიდანაც წერილობით შემდეგი პასუხი მივიღეთ:

“მშენებლობა საცხოვრებელი კორპუსის ეზოსთან არსებულ სკვერში არ იგეგმება, საუბარია მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია მერიის პასუხში.

გიორგი ფხალაძე “ანას ბაღში“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ადგილობრივი მცხოვრებლები ასევე ყვებიან, რომ 13 ნოემბერს გამთენიისას, მშენებლობასთან გაშლილ კარავთან თავს დაესხნენ. სამეზობლოს წევრები ვარაუდობენ, რომ ნიღბიანი თავდამსხმელები მშენებლობიდან ან/და მშენებარე კომპანიიდან იყვნენ.

თუმცა ამ ინფორმაციას დღეს, 20 ნოემბერს, მშენებლობასთან შეკრებილი კომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს უბრალოდ პროვოკაციაა.

ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჯერჯერობით არავინაა საქმეზე დაკავებული და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მიუხედავად გამოძიებისა, “ანას ბაღის” მშენებლობასთან თითქმის ყოველდღეა მობილიზებული საპატრულო ეკიპაჟი.

გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო. დღეს პოლიცია თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გამოიძახეს, რადგან მშენებლობის პროტესტის მიზნით ადგილობრივებმა მშენებლობაზე მანქანებისთვის განკუთვნილი შესასვლელი მანქანებით გადაკეტეს.

რას აშენებს აქ კომპანია?

ადგილი, რომელიც მშენებლობისთვის შემოღობილია, ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ცარიელია. აქ სამშენებლო მასალის მხოლოდ მცირე ნაწილი დევს, ადგილზე კი რამდენიმე მუშა და დაცვის წარმომადგენელია. ეს ნაკვეთი, რომელიც თბილისის არიქტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 1 276 კვ.მ-ია, დღეს გამოიყურება ასე:

“ანას ბაღთან“ მიმდინარე მშენებლობა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ეს ადგილი უნდა იყოს ასეთი:

შენობის დამკვეთი შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგია”, რომელიც ამბობს, რომ აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგემავს. კომპანიამ მშენებლობა 2020 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით უნდა მოასწროს, ანუ იმ თარიღამდე, სანამ მშენებლობის ნებართვას ვადა არ გაუვა.

პროექტის მიხედვით, შენობას 10 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართული უნდა ჰქონდეს. მიწისქვეშა სართულზე ავტოპარკინგია გათვალისწინებული, სადაც 36 მანქანისთვის ფარეხი მოეწყობა, თუმცა, ამასთანავე, პროექტი 5 ავტოსადგომსაც ითვალისწინებს.

“საპროექტო ტერიტორიაზე არ ხდება არსებული ხე- ნარგავების მოჭრა ან გადარგვა, დაშორება არსებულ ხე- ნარგავებთან დაცულია კანონის მიხედვით”, – ნათქვამია კომპანიის განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი