ახალი ამბები

25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

7 მაისი, 2020 • 3030
25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, 25 მილიონი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, “ძალიან ცოტაა”. ასე ეხმაურება ის “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების” ინსტიტუტის კვლევას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელშიც საპატრიარქოს პრივილეგიებზეა საუბარი.

“ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, რასაც ვიხდით… ეს არის კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, რავიცი, კიდევ რა… ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ მე მაქვს 500 000 ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში”,- უთხრა მან “ტვ პირველს”.

სასულიერო პირმა ასევე ისაუბრა საკუთარ ავტომობილზე, რომლის საბაზო ღირებულება, მისი თქმით, 42 000 დოლარი იყო 2006 წელს და აღნიშნა, რომ ის “კეთილმა ადამიანმა” შესწირა.

“ჩემი ავტომობილის საბაზო ღირებულება იყო 42 000 დოლარი და ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი, რომ ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, რომ ეს მანქანა აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ ჯავახეთში”, – აღნიშნა მან.

რელიგიის თავისუფლება და (უ)თანასწორობა საქართველოში – TDI-ს ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი