ახალი ამბები

რელიგიის თავისუფლება და (უ)თანასწორობა საქართველოში – TDI-ს ანგარიში

6 მაისი, 2020 • 3252
რელიგიის თავისუფლება და (უ)თანასწორობა საქართველოში – TDI-ს ანგარიში

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც 2010-2019 წლებში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციებია შეფასებული. ორგანიზაცია განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემას, პრობლემურ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას, შესაბამის უწყებებს კი რეკომენდაციებით მიმართავს.

სახელმწიფო და რელიგია

ანგარიშის ავტორების თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსათვის ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი პრივილეგიების მინიჭებით.

ავტორთა თქმით, საპატრიარქოს დომინანტურობა და მისი გავლენა არაერთგზის გამოვლინდა გასული წლების მანძილზე. ეს მოხდა:

  • 2013 წლის დეკემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობისას;
  • 2014 წელს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის განხილვისა და მიღების პროცესში;
  • 2018 წელს, „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას;
  • 2019 წელს კი, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ 12 მაისის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებისას, დაჩქარებული წესით.

ანგარიშის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვ.კმ. ფართობს მოიცავს.

“საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს)”, – წერია ანგარიშში.

ეკლესიის პრივილეგირებულობის ფონზე, ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფო სხვა რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში უხეშად ერევა. TDI-ს აზრით, სამთავრობო სტრუქტურა, სახელწოდებით  “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”, სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება, ნაცვლად რელიგიის თავისუფლების დაცვისა.

“…სააგენტომ უმთავრესი ვალდებულებები არ შეასრულა. სააგენტოს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა”, – წერია ანგარიშში და ასევე ხაზგასმულია, რომ რელიგიური გაერთიანებები აღნიშნულ ორგანოს უნდობლობას უცხადებენ.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის ადამიანები არაერთგზის გამხდარან აგრესიის მსხვერპლნი, ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შორის კი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ან საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები/მათი წარმომადგენლებიც არიან. TDI-ს შეფასებით, სახელმწიფო არ გამოირჩევა მსგავს ქმედებებზე დროული და მკაცრი რეაგირებით.

ანგარიშში საუბარია პრობლემებზეც, რომელთაც მუსლიმი თემი აწყდება სახელმწიფოს მხრიდან. ავტორთა თანახმად, ეს ხდება საზღვრის კვეთისას, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას და ა.შ.

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები

ამგვარ ინიციატივებს შორის TDI ასახელებს:

  • 2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაემატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“. კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული კრიტერიუმები ახალ ცვლილებებს შორის აღარ მოხვედრილა.
  • რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან სხვადასხვა კანონში რეგულაციების დამატების საკითხის განხილვა 2019 წელს.
  • პარლამენტართა არაერთი ინიციატივა „მკრეხელობისა“ და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადობასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივების ავტორები არიან საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები.

უთანასწორობა კანონდებლობაში

ამ კონტექსტში ორგანიზაცია ახსენებს “სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონს, რომლითაც რიგ რელიგიურ გაერთიანებებს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული პირობები აქვთ დაწესებული.  TDI დისკრიმინაციულად აფასებს საგადასახადო სამართლის სფეროში არსებულ ნორმებსაც, რომელთა ძალითაც, რიგ შემთხვევებში, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისუფლდება გადასახადებისგან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არაერთი პრივილეგიით სარგებლობს განათლების სფეროშიც, რელიგიური უქმე დღეები კი მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიური დღესასწაულებს უკავშირდება.

ამ ნაწილში ორგანიზაცია ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან რელიგიური გაერთიანებების სარჩელები დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.

რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაული და სახელმწიფოს პოლიტიკა

ავტორთა თქმით,  რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა.

“თუკი წლების განმავლობაში დისკრიმინაციას და დევნას ძირითადად იეჰოვას მოწმეები განიცდიდნენ, ბოლო წლებში ეს პრობლემა შეეხო მუსლიმი თემის წარმომადგენლებსაც”, -წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის თანახმად,  2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის მაგალითად TDI-ს მოჰყავს  „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის თანამდებობიდან იძულებით გადაყენების შემთხვევა.

“2013 წელს იგი დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში, სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას დაემუქრნენ და მოითხოვნდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ვაგიფ აქპეროვი არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია საუბრობს იეჰოვას მოწმეების უფლებების დარღვევის, მათზე ძალადობის ფატქზბზეც და აღნიშნავს, რომ “სახელმწიფოს რეაგირება ნათლად წარმოაჩენს საქართველოში რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებულ ვითარებას”. ანგარიშის მიხედვით, მსგავს ფაქტებზე ხშირად საერთოდ არ იწყება გამოძიება, დაწყების შემთხვევაში კი არაგონივრული ვადით ჭიანურდება. ავტორთა თქმით, პრობლემურია პროკურატურის მხრიდან მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხიც.

ამავე ნაწილში ორგანიზაცია მიესალმება 2018 წელს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ:

“დეპარტამენტის უფლებამოსილება მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგითა და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის გამოცემით შემოიფარგლება და არ გააჩნია უშუალოდ საგამოძიებო ფუნქცია”.

რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები

TDI-ს თქმით, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ქონებასთან და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. ორგანიზაცია დასძენს,რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა საბჭოთა დროს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების საშუალება, სხვებს კი ჩამორთმეულ ნაგებობათა დიდი ნაწილი არათუ არ დაუბრუნდათ, არამედ მათი ზოგიერთი ნაგებობა მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნეს.

ავტორთა თქმით, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის მოთხოვნის პროცესშიც.

“მშენებლობის ნებართვებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ. პრობლემურია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვებისას.  სააგენტო ლეგიტიმური მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არამართლზომიერად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში”, – წერს TDI.

ამავე ნაწილში საუბარია ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხზე, რომელიც წლებია, ყოვნდება.

რელიგია საჯარო სკოლებში

2005 წელს მიღებულმა კანონმა ზოგადი განათლების შესახებ საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად რელიგიური ნეიტრალობა და არადისკრიმინაციულობა განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის თქმით, ამ მიმარულებით არაერთი პრობლემა შეინიშნება.

კონკრეტული შემთხვევების განხილვისას აღნიშნულია:

  • შაბათ დღეს ცენტრალიზებული გამოცდებისა და ოლიმპიადების დანიშვნა რელიგიურ უმცირესობათა ნაწილისათვის;
  • 2016-17 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაცია სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებით.
  • ცნობები, რომელთა თანახმადაც პედაგოგთა ნაწილს საჯარო სკოლებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ თეოლოგიურ ლექციებზე დასწრება დაავალეს, წინასწარ შეუტყობინებლად. მსგავსი ფაქტი, ორგანიზაციის შეფასებით, ეწინააღმდგება გამიჯვნის პრინციპს სახელმწიფოსა და რელიგიას შორის.
  • კვალიფიკაციის ნაკლებობა პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის და სახელმძღვანელობის პრობლემურობა.

ამ ნაწილში TDI მიესალმება  VII კლასის ყველა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში, კონკურსში წარმოდგენილი სახელმძღვანელოების შეფასებისას ადამიანის უფლებების ექსპერტების ჩართვას.

რეკომენდაციები

ანგარიშის ავტორები სახელმწიფო უწყებებს ვითარების გამოსასწორებლად რიგი რეკომენდაციებით მიმართავენ:

  • TDI მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს,  იხელმძღვანელონ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპის დაცვით; აღკვეთონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საპატრიარქოს გავლენა და შეიცვალოს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესი; ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების რეკომენდაციით თანასწორობის მისაღწევად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
  • ორგანიზაცია აჭარის მთავრობას მიმართავს, შეცვალოს ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას.
  • ანგარიშის ავტორები მიმართავენ პრემიერს, გადახედოს მის დაქვემდებარებაში
    მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს, საქმიანობას და მისი არსებობის საჭიროებას.
  • TDI მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფომ მოახდინოს თანმიმდევრული, სათანადო და მყისიერი რეაგირება,
    გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი და იხელმძღვანელოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპით;
  • ორგანიზაცია მიმართავს თვითმმართველობის ორგანოებს, აღმოფხვრან დისკრიმინაციული მიდგომები რელიგიური გაერთიანებებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში და აღკვეთონ ხელოვნური
    ბარიერების შექმნის პრაქტიკა; ასევე აღკვეთონ პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჩარევა ადმინისტრაციულ წარმოებაში;
  • TDI განათლების სამინისტროს მოუწოდებს, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს მასშტაბური კვლევა და პროაქტიულად განახორციელოს მონიტორინგი სკოლაში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად, მათ შორის,
    სასკოლო სივრცეში კანონით აკრძალული რელიგიური სიმბოლოების
    არააკადემიური მიზნით განთავსებაზე.

სხვა რეკომენდაციები და კვლევის დეტალები იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი