ახალი ამბები

რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია – ვოლსკი ყანდიაშვილზე

6 მაისი, 2020 • 1411
რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია – ვოლსკი ყანდიაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ტრაგედიას უწოდებს იმ ფაქტს, რომ “ფეისბუქმა” “ნაციონალური მოძრაობა” “მთელი რიგი დანაშაულებების ორგანიზატორად დაასახელა”.

კოკა ყანდიაშვილის “ეს პერსონასთან” დაკავშირებული ქსელის წაშლასთან დაკავშირებით კი დეპუტატი აცხადებს, რომ “გასაანალიზებელია, რამდენად დაირღვა “ფეისბუქის” რეგულაციები”.

“ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად, ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.  ეს არის მთავარი საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “ფეისბუქის” მიერ საქართველოში ასობით გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.

„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე  გაწევას ცდილობს ვინმე. ის  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი “ფეისბუქმა” რამე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო. ეგ კიდევ გასაანალიზებელია, რეალობაში რამდენად დაარღვია მან “ფეისბუქის” რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ  კონკრეტული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქ სივრცეში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს, რომლის პროპაგანდისტული ქსელიც “ფეისბუქმა” წაშალა, პარტიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. თავად კოკა ყანდიაშვილი კი აცხადებს, რომ 2014 წლიდან აღარ არის საჯარო სამსახურში და არ ყოფილა “ქართული ოცნების” თანამშრომელი, თუმცა “ქართული ოცნების” გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს.


ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

როგორც ფეისბუკი აცხადებს, მათ გააუქმეს 511 გვერდი, 101 ფეისბუკ-ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამის ანგარიში. ფეისბუკის განცხადებით, აღნიშნული გვერდები და ანგარიშები ქვეყნის შიგნიდან იმართებოდა და დაკავშირებულია მედიაკომპანია “ესპერსონასთან”.

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები დაიბლოკა ფეისბუკის პლატფორმიდან.

ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი