„ჩართულები არიან ის ქვეყნები, ვინც მშვიდობას ან ომს განაპირობებენ“, — ასე ხსნის „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ ტრამპის ინიციირებულ „მშვიდობის საბჭოში“ რეგიონის ყველა ქვეყნის მიწვევას, გარდა საქართველოსი.
ვოლსკის თქმით, საქართველოს არ აქვს მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსები, თუმცა გამორიცხული არაა, „მშვიდობის საბჭოში“ მომავალში მიიწვიონ.
„იცით, რა, ძალიან ვიწრო გონების მქონე ადამიანები სვამენ ამ კითხვას — რატომ არ მიგიწვიათ მშვიდობის საბჭოზე. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისა თუ ომის საკითხებს განაპირობებენ მსოფლიოში. ისინი არიან მიწვეულები. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის გამორჩეულ ქვეყნებს არ იწვევს და ისინი ამ თემაზე საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებენ. საქართველო დგას საკმაოდ მყარ, კარგ პოზიციაზე“, — განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო მოილაპარაკებს იმასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობა და სტაბილურობა ჰქვია, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„თუ არ მიგვიწვია, ე.ი. არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს ურესურსოდ, მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე. ჩართულები არიან ის ქვეყნები, ვინც მშვიდობას ან ომს განაპირობებენ. მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. დღეს თუ არა ხარ მიწვეული, შეიძლება ხვალ იყო მიწვეული, ან ზეგ. საქართველოს ხისტი მოძრაობები, ეს აგრესიული განცხადებები ამ ეტაპზე არ სჭირდება. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პოზიტივს უნდა ველოდოთ, მათ შორის ამ მშვიდობის საბჭოდან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ლამობს, რომ შექმნას“, — განაცხადა ვოლსკიმ.
მან ოპონენტებს დააბრალა კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული თბილისი, რომელიც თავის პოლიტიკას მშვიდობის უზრუნველყოფაზე აგებს.
„მიწვეული რატომ არ ხარ, ვთქვათ, ლუქსემბურგში, როდესაც იხილავენ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს ევროკავშირში? მიწვეული რატომ არა ხარ დავოსში, როდესაც იქ იმ დონის დაპირისპირება მიმდინარეობს, რომელიც საკმაოდ სერიოზულ, შედეგებით შეიძლება, ხასიათდებოდეს? მიწვეული რატომ არ ხარ შეხვედრაზე, სადაც, ვთქვათ, რუსეთის ფედერაცია ლიდერია და მთელი რიგი საკითხებია, რა… მიწვეულია ბელორუსი, რუსეთი, ამაზე რატომ აღარ ლაპარაკობთ? საფრანგეთი რატომ არ მიიწვია? ევროკავშირის ქვეყნებს რატომ არ იწვევს? ეგ იკითხე შენ“, — მიმართა ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
სინამდვილეში, საფრანგეთი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვიეს, მაგრამ მასში მონაწილეობა არ სურს.
„მშვიდობის საბჭო“ (Board of Peace) არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის საკითხზე ინიციირებული, მსოფლიო ლიდერების ახალი საერთაშორისო ორგანო, თუმცა პოლიტიკური მიმომხილველები მას გაცილებით ფართო კონტექსტში — გაეროს ალტერნატივად განიხილავენ. ჩანაფიქრის თანახმად, საბჭოს ტრამპი უხელმძღვანელებს, მუდმივი წევრობა 1 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდება, ხოლო არამუდმივი წევრები როტაციის პრინციპით, 3 წელიწადში ერთხელ შეიცვლებიან.
თეთრ სახლს „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულთა სია ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა Bloomberg-მა და სხვა სააგენტოებმა უკვე გაავრცელეს მიწვევის მიმღები 50 ქვეყნის და საერთშორისო ორგანიზაციის სია. ჩამონათვალში არიან:
- ალბანეთი
- არგენტინა
- ავსტრალია
- ავსტრია
- ბაჰრეინი
- ბელარუსი
- ბრაზილია
- კანადა
- კვიპროსი
- ეგვიპტე
- ევროკომისია
- ფინეთი
- საფრანგეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- უნგრეთი
- ინდოეთი
- ინდონეზია
- ირლანდია
- ისრაელი
- იტალია
- იაპონია
- იორდანია
- ყაზახეთი
- მაროკო
- ნიდერლანდები
- ახალი ზელანდია
- ნორვეგია
- ომანი
- პაკისტანი
- პარაგვაი
- პოლონეთი
- პორტუგალია
- კატარი
- რუმინეთი
- რუსეთი
- საუდის არაბეთი
- სინგაპური
- სლოვენია
- სამხრეთ კორეა
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- ტაილანდი
- თურქეთი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- გაერთიანებული სამეფო
- უკრაინა
- უზბეკეთი
- ვიეტნამი
მიწვევას უკვე დასთანხმდნენ არგენტინა, უნგრეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ვიეტნამი. რუსეთმა თქვა, რომ წინადადებას განიხილავს.
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპს ოფიციალური სიის გასაჯაროება და საბჭოს დაფუძნება 22 იანვარს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სურს.
