ახალი ამბები

“დიდი გაუგებრობაა” – გოცირიძე ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

6 მაისი, 2020 • 1607
“დიდი გაუგებრობაა” – გოცირიძე ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

“ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არც ტროლები არიან და არც ბოტები”, – ასე ეხმაურება  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, “ფეისბუქიდან” რიგი ანგარიშების წაშლას, რომლებიც სოცქსელის ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნულ პარტიასთან იყვნენ კავშირში. გოცირიძე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, პარტია ე.წ. ტროლებსა და ბოტებს არ იყენებს და რაც მოხდა, “დიდი გაუგებრობაა”.

“პირადად ჩემთვის და ამაზე პარტიაშიც ვმსჯელობთ, აბსოლუტური გაუგებრობაა ეს. არავინ იცის, რატომ ასახელებენ ამ რიცხვებს. რომ დავაკვირდი, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არც ტროლები არიან და არც ბოტები. ისინი გულწრფელად აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” მავნე პოლიტიკას.

მაგალითად, კობა ხაბაზი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრია და “ქართული ოცნების” მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა. ის ბოტია თუ ტროლი? მისი გვერდიც გააუქმეს. ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომელთაც პირადად არ ვიცნობ, თუმცა სოციალურ ქსელში ვიცი, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, იდენტიფიცირებადი პირები, ისინი არიან გამოყვანილნი “ნაციონალური მოძრაობის” ტროლებად და ბოტებად”, – ამბობს გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, მხარდამჭერები, რომელთა ანგარიშებიც წაიშალა, ინდივიდუალურად მოქმედებდნენ და “ნაციონალურ მოძრაობასთან” მათი აქტივობები პირდაპირ კავშირში არ ყოფილა.

“რაიმე ორგანიზებული ქმედება არ არის. ინდივიდუალური პირების გამოვლინებებია, როგორც ჩანს”, – თქვა მან.

რაც შეეხება ხელისუფლების საწინააღმდეგი გვერდებს, რომლებიც ასევე წაიშალა ფეისბუქიდან: რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური სატირის ფორმაა. მისი თქმით, სხვა საკითხია, როცა მსგავსი გვერდები ფინანსდება ან არაიდენტიფიცირებადი პირების მიერ იმართება:

“თუ ეს კეთდება დაფინანსებით, ტროლებისა და ბოტების მონაწილეობით, ეს სხვა არის. თუმცა, მეორეა პოლიტიკური სატირის ფორმა, პოლიტიკური კარიკატურის ფორმა. თუ გადახედავთ, ლიტერატურა არსებობს, როგორ ვითარდებოდა  XIX-XX საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური სატირა. ვინმემ შეიძლება, ნუგზარ მეტრეველის კარიკატურები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშია, ტროლად და ბოტად ჩათვალოს?”

“საერთოდ, ტროლების და ბოტების სისტემა უნდა იყოს დასჯადი კანონით. თუმცა, როცა რეგულირება იწყება, ეხები სიტყვის თავისუფლებასაც და ეს სარისკოა, მაგრამ მათი გამოვლენა და პოლიტიკური და მორალური მხილება ყოველთვის არის აუცილებელი, რათა დაზარალდნენ ის ადამიანები და პარტიები,რომლებიც ამ გზას მიმართავენ”, – აღნიშნა მან.

მოგვიანებით, პარტიამ ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცელა, აღნიშნა, რომ არაიდენტიფიცირებადი გვერდებით არ ოპერირებს და ამ მეთოდით მუშაობა მისთვის მიუღებელია.


ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა  კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

დღეს, 5 მაისს, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, ვრცლად ისაუბრა ოპოზიციასთან კავშირში მყოფი გვერდების წაშლაზე, შემდგომ კი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ “ოცნებას” ყანდიაშვილთან და მის ქსელთან კავშირი არ აქვს. განცხადებას გაკვირვებით შეხვდა მისი ყოფილი თანაგუნდელი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყანდიაშვილი “ოცნებაში” მუშაობდა და იქ ყოველდღე ხედავდა.

ყანდიაშვილს “ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი არ აქვს – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი