ახალი ამბები

როგორ მუშაობდა ყანდიაშვილის პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელი – კვლევა

6 მაისი, 2020 •
როგორ მუშაობდა ყანდიაშვილის პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელი – კვლევა
  • როგორ იმართებოდა და მუშაობდა კოკა ყანდიაშვილის პლატფორმასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და პროფილი ფეისბუქზე? – შესაბამის კვლევას ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორია ავრცელებს მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ აღნიშნული ანგარიშები წაშალა. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია აკვირდებოდა მათი კოორდინირებული მუშაობის პროცესს ბოლო თვეების განმავლობაში.

ანგარიშების სპეციფიკა სხვადასხვაგვარი იყო. სია მოიცავს როგორც ყალბ პროფილებს, ისე ე.წ. ცრუ მედიაგვერდებს, თემატურ ჯგუფებსა და ცნობილი პირების, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა სახელით შექმნილ გვერდებს. მფლობელები მათ პროსამთავრობო მასალების გასავრცელებლად, ასევე, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ.

ჯამში, კვლევაში ნახსენებია 268 ფეისბუქ-გვერდი, 99 ჯგუფი, 78 პროფილი და 43 ანგარიში ინსტაგრამზე. არაერთი მათგანი სხვადასხვა ფორმით იმართებოდა “ესპერსონას” მიერ ან კავშირი ჰქონდა ამ პლატფორმასთან.

რა არის “ესპერსონა” და რა კავშირი აქვს მას ყანდიაშვილთან?

“ესპერსონას” ვებგვერდის თანახმად, ის მედიაპლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ცნობებს საჯარო ფიგურების შესახებ, ასევე, “ცხელ”ამბებს და აშუქებს პოლიტიკას , ბიზნესსა და საზოგადოებას. ვებგვერდს ცალკე განყოფილებაც აქვს, რომელიც ცნობილი ადამიანების პროფილებს (მოკლე ინფორმაციას) მოიცავს.

პლატფორმას ფლობს კოკა ყანდიაშვილი, რომელიც 2013 წელს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, შემდგომ კი საზოგადოებრივი ურთიერთობების კონსულტანტი იყო ამავე უწყებაში. მისი მიმართულებით ისმოდა ბრალდებებიც ე.წ. “ტროლების ქარხნის” ხელმძღვანელობის შესახებ, რასაც ყანდიაშვილი უარყოფდა.

მიმდინარე დღეებში ფეისბუქმა გააუქმა როგორც ყანდიაშვილის პირადი პროფილი, ისე მისი გვერდი. კვლევის მიხედვით, გაუქმდა მისი ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის გვერდიც, რომელიც 2012-17 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი იყო.

კვლევაში წერია, რომ ყანდიაშვილის “ესპერსონა” ფეისბუქზე 8 გვერდს მართავდა, ჯამში, 40 000 გამომწერით. ზოგიერთი გვერდი ამავე პლატფორმის მასალებს აზიარებდა, ზოგი კი თითქმის უმოქმედო იყო.

რვიდან 7 გვერდი მართავდა ფეისბუქ ჯგუფებსაც.

მადისკრედიტირებელი გვერდები/გვერდები  ცნობილი ადამიანების იდენტობებით

ფეისბუქმა ასევე წაშალა არაერთი გვერდი, რომელთაც ოპოზიციონერ ფიგურებზე თავდასასხმელად იყენებდნენ, ნაწილი კი ცნობილი ადამიანების სახელით მოქმედებდა. გვერდები 2018 წელს არის შექმნილი, მომდევნო წელს კი ზოგიერთი მათგანის ასლიც ჩამოაყალიბეს. მაგალითად, ორი ვერსია არსებობდა ოპოზიციისადმი კრიტიკული გვერდისა, სახელწოდებით “იყავი და გაგეკეთებინა”.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელზეც კვლევა ამახვილებს ყურადღებას, ცნობილი ფიგურების ვინაობათა მითვისება და მათი სახელით მოქმედებაა სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ შეიქმნა გვერდები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა სახელით, რომელთაც საზოგადოება განსაკუთრებით ენდობა. მათ შორისაა ექიმი ლევან რატიანი, რომლის ყალბ გვერდზეც ვირუსთან დაკავშირებით თავსდებოდა ცნობები.

მეორე შემთხვევაში, კვლევის ავტორები საუბრობენ ვანო მერაბიშვილის სახელით შექმნილ გვერდზე, რომლის ერთ-ერთი პოსტი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ის პოლიტიკაში ჩარევას აღარ გეგმავს. ავტორები ამბობენ, რომ გვერდის მფლობელის სავარაუდო მიზანი მერაბიშვილის პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა და მისი მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანაა.

არაავთენტური გვერდები საინფორმაციო სააგენტოების სტატუსით

ლაბორატორიამ შეისწავლა 269 გვერდი, რომლებიც ფეისბუქის ადმინისტრაციამ წაშალა. მათი ნაწილი პოლიტიკური საინფორმაციო სააგენტოების სტატუსით პოზიციონირებდა. კვლევის ავტორები საუბრობენ 14 სააგენტოზე, რომელთა გვერდებიც მიმდინარე დღეებში წაიშალა. მათი გამომწერების ჯამური რაოდენობა 8 400 იყო. ისინი ძირითადად პროსამთავრობო და ოპოზიციის საწინააღმდეგო მასალებს აქვეყნებდნენ, ნაწილი კი ამ მასალებს ამჟამად წაშლილ ჯგუფებში აზიარებდა.

აღნიშნული სააგენტოების გვერდების უმრავლესობა ერთ დღეს – 2018 წლის 27 მაისს არის შექმნილი, სხვები კი, 2019 წლის ივნისში. ლაბორატორიამ ასევე შეამოწმა აღნიშნული სააგენტოების ვებსაიტების შექმნის თარიღები და დაადგინა, რომ უმრავლესობა ასევე ერთ დღეში – 2019 წლის 12 მაისს შექმნეს. ზოგიერთი პორტალის ფეისბუქ-გვერდზე, კატეგორიაში “შესახებ”, თითქმის იდენტური ტექსტები იყო განთავსებული. კვლევის ავტორთა თქმით, ყოველივე ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ ყველა ეს გვერდი ერთი ქსელის ნაწილია.

წაშლილი გვერდებიდან 90, პრაქტიკულად, არაფერს წერდა ან აზიარებდა. სამაგიეროდ, ისინი ზემოაღნიშნული სააგენტოების მასალების ჯგუფებში გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მფლობელები ამ გვერდებს ჯგუფების სამართავად იყენებდნენ, ჯგუფის მართვა გვერდის მეშვეობით კი უფრო მოსახერხებელია იდენტობის დასაფარად, ვიდრე იგივეს გაკეთება პროფილის გამოყენებით.

არაავთენტური გვერდების ნაწილის თემატიკა შორს იყო პოლიტიკისაგან. მათი ადმინისტრატორები წერდნენ ბუნებაზე, სპორტზე, გართობასა და სიყვარულზე. ამ გვერდების გამომწერთა რიცხვიც, სხვებთან შედარებით, დიდი იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ ისინი, სავარაუდოდ, აუდიტორიის მოზიდვის სტადიაზე იყვნენ, შემდგომში პოლიტიკურ აქტივობებზე გადასასვლელად.

არაავთენტური ჯგუფები

ფეისბუქმა მიმდინარე დღეებში 99 არაავთენტური ჯგუფი წაშალა. მათი თემატიკა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და მოიცავდა საკითხებს პოლიტიკიდან რელიგიამდე. სწორედ ამ ჯგუფებში იყრიდა თავს როგორც ესპერსონას, ისე საინფორმაციო სააგენტოების ქსელის პროსამთავრობო და ანტიოპოზიციური მასალები. ჯგუფებს მართავდნენ როგორც რეალური პროფილები, ისე ყალბი ანგარიშები და გვერდები.

ციფრული კრიმინალისტიკის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები ასევე ახსენებენ ორ გვერდს, რეგისტრირებულს რუსული დომენებით – Geoposts1.ru და Informaciebia.ru – რომელთა მასალები ასევე ამ ჯგუფებში ზიარდებოდა. როდესაც მომხმარებელი ამ ორი ვებგვერდის პოსტს დააკლიკავს, ის გადადის მისამართებზე – Debatebinews.ru და Todaynews.ru. ორივე საიტზე მასალები სენსაციური სათაურებითაა განთავსებული მომხმარებლის მისაზიდად, მათი უმრავლესობა კი პროსამთავრობო განწყობებით ხასიათდება.

ზემოთ ნახსენებ Geoposts.ru-სთან, კვლევის თანახმად, კიდევ ათი ვებგვერდია დაკავშირებული, მსგავსი დიზაინითა და შინაარსით.

პროსამთავრობო ანგარიშები ინსტაგრამზე

ფეისბუქმა ინსტაგრამიდან, ჯამში, 43 ანგარიში წაშალა, კავშირებით ზემოაღნიშნულ ქსელთან. ზოგიერთი აქტივობით არ გამოირჩეოდა, ნაწილი კი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ მასალებს აზიარებდა, თავის მოვლასთან, კულინარიასთან და ტექნიკასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად.

ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი