ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

2 მაისი, 2020 •
ტრანსგენდერი ქალი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

ტრანსგენდერი ქალი პოლიციას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სესილი ცომაიამ “მთავარ არხთან” ისაუბრა ინციდენტზე, რომელიც, მისი თქმით, 30 აპრილის ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა მედიკამენტების საყიდლად აფთიაქში სხვა ტრანსგენდერ ქალებთან ერთად იყო ჩასული. როგორც ამბობს, სამართალდამცავებმა შეურაცხყოფა მათაც მიაყენეს.

“წიხლებით შემადგნენ ნეკნებსა და გულ-მკერდის არეში. თავში ჩამარტყეს რამდენჯერმე როგორც ხელი, ისე ფეხი”, – ამბობს ის.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც სცემეს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სამოქალაქო ფორმებით. ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ინციდენტის მსვლელობისას ადგილზე პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა და ძალადობამაც იმატა.

“კაცი ხარ თუ ქალი, ეგ ვერ გაგირკვევია, მე რა უნდა დაგიწეროო და წამოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ამასობაში მოვიდნენ სხვა ეკიპაჟის წევრებიც. როგორც კი ეკიპაჟის წევრები მოვიდნენ, მოემატნენ თანამშრომლები და გაიგეს რეალურად, რომ ტრანსგენდერი ქალები ვიყავით, უფრო მეტად გამძვინვარდა აგრესია, დამცინავი ტონი, შეურაცხმყოფელი სიტყვები და ფრაზები…” – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მის მეგობარს, რომელიც ინციდენტს ტელეფონით იღებდა, მასალა წაუშალეს.

“მთავარი არხის” ცნობით, ძალადობის ნიადაგზე ქალმა ადგილზე თვითდაზიანებებიც მიიყენა, თუმცა ინციდენტი შემდგომაც გაგრძელდა. ტელეარხის ცნობით, მას “ბორკილები დაადეს და ბოლომე გადაუჭირეს”. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც მივიდა.

“[პოლიციელმა] სახეზე ხელი მომკიდა, გიმახსოვრებ და სადაც უნდა გნახო, ცხოვრებაში არ გაგახარებო და ერთი ჩარტყმა იყო, რომ ჩამარტყა სახის არეში. ამის შემდეგ წამოდგა, მწოლიარეს ზურგის არეში ფეხებით შემადგა, მერე წამომაყენეს და კიდევ ერთხელ იძალადა ფიზიკურად ჩემზე.

თქვენს დასაწვავები ხართ, შემარცხვენლები ხართ, არ იცავთ ჩვენს ტრადიციებსო”, – ყვება სესილი ცომაია.

კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა “მთავარ არხს” უთხრა, რომ იცრუა, თითქოს 8 კვირის ორსული იყო და ასე გადაურჩა ძალადობას. ტელეარხის ცნობით, პოლიციამ მას ურჩია, რომ “ტრანსგენდერებთან აღარ ემეგობრა”.

“ნეტგაზეთი” მომხდარის დეტალების გასარკვევად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში თქვეს, რომ გამოძიება უკვე დაიწყო ტრანსგენდერი ქალის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

“1 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ტრანსგენდერი ქალის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – უთხრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი