ახალი ამბები

კახეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ინფიცირებული ექიმია

2 მაისი, 2020 • 1265
კახეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ინფიცირებული ექიმია

კახეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილმა დაადასტურა.  დაინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმად მუშაობს, ასევე საქმიანობს “ევექსის” კლინიკაში.

“მიმდინარე წლის პირველ მაისს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა გაფართოებული, მიზნობრივი PCR ტესტირებები, რომლის მიზანი იყო ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ექიმების კვლევა. ეს კვლევა უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს. გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტში კვლევის დროს 1 ადამიანს, ქალბატონს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი. ის ამჟამად გადაყვანილია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დაინფიცირებულის “ყველა კონტაქტი, ფაქტორივად, მოძიებულია” და ამჟამად აღნიშნული კონტაქტების სისტემატიზება მიმდინარეობს. მათ დღეს სწრაფ ტესტირებებს ჩაუტარებენ. რწმუნებული ასევე აღნიშნავს, რომ რისკის ჯგუფში შემავალ პირებს კარანტინში გადაიყვანენ.

დღესვე, 2 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსი მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 582
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207
  • მათ შორის გარდაცვლილი – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 5025
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი