ახალი ამბები

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმებს არ გაატანეს, დალეწილია ავტომობილები – მერის წარმომადგენელი

1 მაისი, 2020 • 8269
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმებს არ გაატანეს, დალეწილია ავტომობილები – მერის წარმომადგენელი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ამის შესახებ სოფელ მუშევანში ბოლნისის მერის წარმომადგენელმა რობიზონ სელიმაშვილმა დაუდასტურა.

სელიმაშვილის თქმით, ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად დაახლოებით 19 საათზე მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – უთხრა ნეტგაზეთს რობიზონ სელიმაშვილმა. მისივე ინფორმაციით, კონფრონტაციის თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ და ექიმებმა სოფელი ამ დროისათვის დატოვეს. მერის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.

როგორც რობიზონ სელიმაშვილი ამბობს, სოფელ მუშევანში კორონავირუსი 10 ადამიანს აქვს დადასტურებული და ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

მუშევანში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია თავდაპირველად “ინფო რუსთავმა” გაავრცელა.

ნეტგაზეთი ამ წუთებში ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მას დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი