ახალი ამბები

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ის ტესტირებისთვის ჯინექსპერტს გამოიყენებენ

30 აპრილი, 2020 • 1367
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ის ტესტირებისთვის ჯინექსპერტს გამოიყენებენ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსის გამოსავლენად კლინიკაში ახალ – “ჯინექსპერტის” მეთოდს გამოიყენებენ, რომლის საშუალებითაც ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ჩვენს კლინიკაში გაიტესტა “ჯინექსპერტ” მეთოდი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება კოვიდ ვირუსის საეჭვო შემთხვევების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, ანუ ეს არ იქნება მასობრივი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურამდეა დაყვანილი, ვინაიდან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი”, – განაცხადა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის უფროსი ექიმის, ლაბორანტის, ხატია მიქაბერიძის განმარტებით, ამ მეთოდის საშუალებით კორონავირუსზე ტესტის პასუხი 50 წუთში არის მზად და მისი ცდომილება მაქსიმალურად დაბალია:

“არის ისეთი კვლევაც, რომელიც საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია, ეს არის სწორედ “ჯინექსპერტის” აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლნა კარტრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ [ნაცხის] აღების დროს არ მოხდა რაიმე შეცდომა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ზუსტი შედეგი ძალიან სწრაფ დროში, სხვა მეთოდით კი შედეგი მეორე დღეს ხდება ცნობილი”, – განმარტა მიქაბერიძემ.

მისი თქმით, “ჯინექსპერტის” აპარატის მწარმოებელი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისთვის, მათ შორის ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების გამოსავლენად. მიქაბერიძის განმარტებით, აღნიშნული მეთოდით ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ მძიმე პაციენტებს, რომელთაც ვირუსის დადასტურების მაღალი რისკი აქვთ.

“ჯინექსპერტის” ტესტირების აპარატი სხვადასხვა დაავადებების სწრაფად გამოვლენისთვის გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ავტომატიზირებული კარტრიჯული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის პლატფორმაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი