ახალი ამბები

გილეადი: NIAID-ს კვლევამ რემდესივირზე პოზიტიური შედეგები აჩვენა

29 აპრილი, 2020 • 1093
გილეადი: NIAID-ს კვლევამ რემდესივირზე პოზიტიური შედეგები აჩვენა

კომპანია გილეადის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის კვლევამ მათ პრეპარატ “რემდესივირზე” კორონავირუსთან საბრძოლველად პოზიტიური შედეგები აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კომპანიაში დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მალე სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს და რომელიც კვლევას ატარებს, ბრიფინგს გამართავს, სადაც ამ კვლევის გარშემო ყველა დეტალის შესახებ ისაუბრებენ.

კვლევა 800 პაციენტზე მიმდინარეობს ე.წ. ოქროს სტანდარტით, ანუ არსებობს საკონტროლო ჯგუფი. კვლევაში ჩართული პაციენტების ნაწილი რემდესივირს იღებს, ხოლო ნაწილი – პლაცებოს.


მანამდე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე ამავე პრეპარატზე სხვა კვლევის შედეგები “შემთხვევით” გამოქვეყნდა.

WHO-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება (summary), რომელიც მოწმობს, რომ პრეპარატი Covid-19-ის წინააღმდეგ არ მუშაობს. ამჟამად ჯანმოს ვებგვერდიდან ეს ინფორმაცია წაშლილია, თუმცა მისი ნახვა მედიამ მოასწრო და ამის შესახებ უცხოურ პრესაში ცნობები გამოქვეყნდა.

“დოკუმენტის პროექტი (Draft) WHO-ს მისმა ავტორებმა მიაწოდეს და უყურადღებობის გამო ჩვენს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც კი შეცდომა შევამჩნიეთ, ინფორმაცია ვებგვერდიდან ავიღეთ. მანუსკრიპტი სამეცნიერო აუდიტს (peer review) გადის და სანამ WHO ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს, გვჭირდება გავეცნოთ საბოლოო ვერსიას”, – განაცხადა WHO-ის პრესსპიკერმა ტარიკ იასარევიჩმა.

კომპანია გილეადის პრესსპიკერმა ემი ფლუდმა კი თქვა, რომ კომპანიის რწმენით, გამოქვეყნებული ინფორმაცია “კვლევისთვის შეუსაბამო დახასიათებას წარმოადგენდა’. მისი თქმით, კვლევა ნაადრევად შეჩერდა, რადგან მასში ჩართული პაციენტების რაოდენობა ცოტა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან “სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია”. თუმცა, მისი თქმით, “მონაცემების ტრენდი რემდესივირის პოტენციურ ბენეფიტებზე მიგვანიშნებს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატი მკურნალობის ადრეულ სტადიაზე მიიღეს”.

რემდესივირი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც კომპანია გილეადმა თავის დროზე ებოლას წინააღმდეგ შექმნა, თუმცა სამეცნიერო წრეებში Covid-19-ის წინააღმდეგ მიიჩნევა იმედის მომცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი