ახალი ამბები

ექსპერიმენტულმა წამალმა მცირე ჯგუფზე იმედის მომცემი შედეგი აჩვენა, თუმცა ჯერ სრული სურათი უცნობია

17 აპრილი, 2020 • 2150
ექსპერიმენტულმა წამალმა მცირე ჯგუფზე იმედის მომცემი შედეგი აჩვენა, თუმცა ჯერ სრული სურათი უცნობია

COVID-19-ით დაავადებული პაციენტები, რომლებმაც სამკურნალოდ ექსპერიმენტული პრეპარატი Remdevisir მიიღეს (თავდაპირველად ებოლასთვის შექმნილი წამალი, რომლის ეფექტურობაც კორონავირუსის წინააღმდეგ დამტკიცებული არ არის), სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და მათი დიდი ნაწილი სახლში რამდენიმე დღეში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს  STAT News-ზე დაყრდნობით.

როგორც STAT News წერს, ამ პრეპარატით მკურნალობის პროექტის ხელმძღვანელი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტები მონაწილეობას იღებდნენ კლინიკურ ცდაში. ყველა მათგანს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოახერხეს საავადმყოფოს დატოვება.

„სასიხარულო ისაა, რომ ჩვენი პაციენტების დიდი ნაწილი უკვე გავწერეთ. დაიღუპა მხოლოდ ორი“, — აცხადებს კეტლინ მალანი, ჯგუფის ხელმძღვანელი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი STAT News-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში.

თუმცა, CNN-ის ცნობით, პროექტში ჩართული არ არის საკონტროლო ჯგუფი, რის გამოც რთული სათქმელია, რეალურად ეხმარება თუ არა პრეპარატი პაციენტებს გამოჯანმრთელებაში. საკონტროლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ზოგი პაციენტი არ იღებს ტესტირებად პრეპარატს, რაც საშუალებას მისცემდა ექიმებს, დაედგინათ, რამდენად ეფექტურია პრეპარატი.

გარდა ამისა, პრეპარატის კლინიკური ტესტები მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით. Gilead Sciences, რომლის წამალიც არის Remdevisir, პრეპარატის ცდებს აფინანსებს 2400 პაციენტზე  COVID-19-ის მწვავე სიმპტომებით მსოფლიოს 152 წერტილში. გარდა ამისა, კომპანია ცდებს ატარებს 1,600 პაციენტზე საშუალო სიმძიმის სიმპტომებით მსოფლიოს 169 წერტილში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდების შედეგებს თვის ბოლოსთვის ელიან.
„გვესმის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია COVID-19-ის მკურნალობა, რის გამოც ასეთი დაინტერესებაა ჩვენი წამლის ცდებთან დაკავშირებით. მონაცემები მთლიანად უნდა გააანალიზდეს, რათა ცდებიდან დასკვნა გამოვიტანოთ. ცალკეული მონაცემები შეიძლება იმედის მომცემი იყოს, მაგრამ სტატისტიკურად მხოლოდ ამ მონაცემებს ვერ დავეყრდნობით, რომელიც მოგვცემდა იმის თქმის საფუძველს, ეფექტიანია თუ არა Remdevisir   COVID-19-თან ბრძოლაში“, — მოჰყავს CNN-ის კომპანიის განცხადება.

პრეპარატი Remdevisir კომპანია Gilead Sciences-მა შექმნა ებოლას სამკურნალოდ, თუმცა ამ შემთხვევაში პრეპარატი წარმატებული არ აღმოჩნდა. ცხოველებზე ცდებმა კი აჩვენა, რომ შეიძლება პრეპარატი გამოყენებული იყოს კორონავირუსების სამკურნალოდ. თებერვალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ Remdevisir-ს ჰქონდა COVID-19-ის მკურნალობის პოტენციალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი