ახალი ამბები

COVID-19-ის შესაძლო წამლის კვლევის მონაცემები იმედის მომცემია — ფაუჩი

29 აპრილი, 2020 • 1894
COVID-19-ის შესაძლო წამლის კვლევის მონაცემები იმედის მომცემია — ფაუჩი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის სამედიცინო საკითხებში, აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ცდების მონაცემები „საკმაოდ კარგი ამბების“ მაუწყებელია, წერს CNBC.

ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა „კარგად გამოკვეთილი დადებითი ეფექტი, რომელიც გამოიხატება გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირებაში“.

ფაუჩის განცხადებით, პაციენტები, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, საშუალოდ 11 დღეში იკურნებოდნენ, ხოლო მათ, ვინც პლაცებო მიიღეს, გამოსაჯანმრთელებლად საშუალოდ 15 დღე სჭირდებოდათ.

გარდა ამისა, ფაუჩიმ სიკვდილიანობის დონეზეც ისაუბრა. მისი თქმით, „სტატისტიკური მნიშვნელობა არ ფიქსირდება“. როგორც CNBC წერს, პლაცებოს ჯგუფში გარდაიცვალა პაციენტთა 11,6%, ხოლო პრეპარატის მიმღებ ჯგუფში- 8%.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, „რაც [კვლევამ] დაამტკიცა, არის ის, რომ პრეპარატს [რემდესივირს] შეუძლია ვირუსის დაბლოკვა“.

CNBC-ის ცნობით, კვლევის სრული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. მწარმოებელმა კომპანიამ Gilead Sciences-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომ კვლევამ თავდაპირველ მიზანს მიაღწია, მაგრამ დეტალების შესახებ კომპანიაში არ საუბრობენ.

Gilead-მა აგრეთვე გამოაქვეყნა თავისი კვლევის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც იმ პაციენტების მინიმუმ 50%, ვინც რემდესივირის ხუთდღიანი დოზა მიიღო, გაუმჯობესებაზე წავიდა. თუმცა კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ჯგუფი და მონაცემები არ შეუდარებიათ პაციენტთა სხვა ჯფუფთან, ვისაც პრეპარატი არ მიუღია.

მანამდე გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევა, რომელმაც რემდესივირის სარგებელი ვერ დაადასტურა.


კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი პრეპარატი ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ინფექციით მსოფლიოში დაავადდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი, 217,569 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კარანტინის რეჟიმი, შეჩერებულია ეკონომიკური აქტივობის დიდი ნაწილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი