მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში წესდება საგადასახადო შეღავათები იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამსახური/ხელფასი შეუნარჩუნდათ.
28 აპრილს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ შეღავათი ეხება ყველა ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის:
- კომპანიებს;
- საწარმოებს;
- არასამთავრობო ორგანიზაციებს;
ასევე, მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და, ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.
რა თანხა თავისუფლდება გადასახადისგან?
მინისტრის მოადგილის თქმით, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატება თვეში 1500 ლარს.
მაგალითად, თუკი კონტრაქტით ხელფასი 1500 ლარი გქონდათ, საშემოსავლო გადასახადი (ანუ 1500 ლარის 20%) 300 ლარი გამოდიოდა, ხელზე ასაღები თანხა კი- 1200 ლარი.
ახლა გამოდის, რომ ამ 1500-დან 750 ლარი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მხოლოდ დარჩენილი 750 ლარი დაიბეგრება. 750-ის 20% არის 150 ლარი. გამოდის, რომ 1500 ლარიდან მხოლოდ 150 ლარი დაიბეგრება. დაუბეგრავი რჩება 1350 ლარი.
დასაქმებულს თუ დამსაქმებელს?
რა ხდება ახლა? დასაქმებული, რომელსაც 1500 ლარი ჰქონდა კონტრაქტით განსაზღვრული, ხელზე კვლავ 1200 ლარს მიიღებს, თუ 1350-ს? თუ გამოთავისუფლებული თანხა — ერთ დასაქმებულზე მაქსიმუმ 150 ლარი — დამსაქმებელს დარჩება?
შეღავათის მიზანი, როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, არის ის, რომ „დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯი და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები“.
ამ განმარტებიდან არ არის ცალსახა, გამოთავისუფლებულ გადასახადს დასაქმებული მიიღებდა თუ დამსაქმებელი.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი არის ფიზიკური პირი, თუმცა საქართველოს რეალობაში საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულამდე არ აღწევს — მის ადმინისტრირებას იურიდიული პირი ახორციელებს.
მოლაპარაკების საკითხი“
მოგვიანებით ამ საკითხზე განმარტების მისაღებად „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილს, რომელმაც გვითხრა:
„იურიდიული ნაწილი ის არის, რომ საშემოსავლო გადასახადი ეკუთვნის ფიზიკურ პირს, მისი საშემოსავლო გადასახადია. შესაბამისად, როდესაც კოდექსში ცვლილებები აისახება, იქ ჩაიწერება, რომ ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან“.
თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ გამოთავისუფლებული თანხა დასაქმებულს ჩაერიცხება: „ეს უკვე დამსაქმებლის და დასაქმებულის მოლაპარაკების საკითხია“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.
„როდესაც დამსაქმებელმა პირი აიყვანა თანამშრომლად, მას სახელმწიფოსთვის არ უკითხავს, რამდენი უნდა მიეცა ხელფასი. ორი პირი შეთანხმდა, რომ კონკრეტულ თანხაზე შეესრულებინა დაქირავებით მუშაობა. შესაბამისად, ამ გადასახადის გამოკლებით, დანაზოგი როგორ დაინაწილონ, [მხარეები] შეთანხმებიან“.
„თუ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, შეიძლება, მოუმატოს ხელფასი. თუ კომპანია იმ მდგომარეობაშია, რომ შეფერხება აქვს და უნდა გაეშვა თანამშრომელი, ეს შეღავათი საშუალებას მისცემს, რომ გარკვეული პერიოდი შეინარჩუნოს“, – ამბობს მინისტრის მოადგილე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
კითხვაზე, გამოდის თუ არა ეს ინიციატივა ბიზნესის დახმარება დასაქმებულის კუთვნილი თანხით, ვიდრე უშუალოდ დასაქმებულების დახმარება, ლაშა ხუციშვილმა გვიპასუხა:
„ვიტყოდი, რომ ზიარჭურჭელია… ადამიანები, რომლებიც დაკარგავენ სამსახურს, შემდეგ გადმოდიან 200-ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციაზე. სასწორის ორი მხარეა: თუ რჩება სამსახურში, ის 150-ლარიანი შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას იძენს და თუ სამსახურს კარგავს, გადმოდის 200-ლარიან კომპენსაციაზე“.
28 აპრილი, 21:45, განახლება — მასალა განახლდა ლაშა ხუციშვილის „ნეტგაზეთისთვის“ მიცემული განმარტებებით