ახალი ამბები

თვითდასაქმებულებმა 1 ივლისამდე უნდა მოითხოვონ 300-ლარიანი დახმარება

28 აპრილი, 2020 • 1809
თვითდასაქმებულებმა 1 ივლისამდე უნდა მოითხოვონ 300-ლარიანი დახმარება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თვითდასაქმებულებმა, ვინც Covid-19-ის პანდემიის პირობებში სამუშაო და შემოსავალი დაკარგეს, 2020 წლის 1 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ მოთხოვნა, რათა 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მიიღონ. მისი თქმითვე, დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება.

ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ისე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს. როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მოთხოვნის წარმოდგენა საჭიროა იმიტომ, რომ მთავრობამ მათი საბანკო ანგარიშები გაიგოს.

„უნდა წარმოადგინონ: სახელი გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები. ვისაც ვერ აიდენტიფიცირებენ, მათ უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი“.

თვითდასაქმებულებმა მოთხოვნა უნდა წარადგინონ სპეციალური საიტზე, რომელსაც ამჟამად ამზადებს მთავრობა, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ…

თვითდასაქმებულად თვლიან ყველა პირს, ვინც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

ფინანსთა სამინისტრო თვითდასაქმებულებში პირობითად კიდევ ორ კატეგორიას გამოყოფს:

  1. ფიზიკური პირები, ვინც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად;
  2. ფიზიკური პირები, ვინც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა;

თვითდასაქმებულების იმ ნაწილს, ვინც იდენტიფიცირებული არიან, 10 სამუშაო დღის ვადაში მისცემენ კომპენსაციას.

არაიდენტიფიცირებულების შემთხვევაში 10-დღიან ვადას კიდევ 2-კვირიანი პერიოდი ემატება:

„დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს განაცხადს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში სიას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის ჩარიცხვა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვრცლად:

ყველაფერი, რაც თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებაზე ვიცით

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი