ახალი ამბები

რურუა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

27 აპრილი, 2020 • 1543
რურუა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც “ნეტგაზეთს” რურუას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განუცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას დაცვის მხარე ითხოვდა.

საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმაში მდგომაროებდა, რომ თუ აქამდე პროკურორი აცხადებდა, რომ რურუას მიერ მოწმეებზე ზემოქმედების რისკი არსებობდა, ეს მოწმეები უკვე გამოკითხულნი არიან.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნისას აპელირებდა, რომ ბრალდებულს ევროპაში კონტაქტები ჰქონდა და შესაძლოა მიმალულიყო, თუმცა, საძაგლიშვილის თქმით, ამას ბრალდება ვერ ასაბუთებდა. საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არათუ ქვეყნის, დედაქალაქის დატოვებაც პრობლემას წარმოადგენს და, შესაბამისად, არც მიმალვის რისკი არსებობს.

დიტო საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გიორგი რურუას ქრონიკული დაავადება აქვს და COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში მას დაავადება გაურთულდება, რასაც საავადმყოფოდან სასამართლოსთვის წარდგენილი ცნობით ასაბუთებდნენ. დაცვის მხარე ასევე იშველიებდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას, რომელიც მოუწდებს ქვეყნებს, მაღალი რისკის მქონე პირები საპატიმროებიდან გაათავისუფლონ, თუმცა მოსამართლემ არცერთი ეს არგუმენტი არ გაიზიარა და რურუა პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუას მორიგი პროცესი ონლაინ გაიმართა, როგორც მისი ინტერესების დამცველი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, მომდევნო სხდომების გამართვაც ამ რეჟიმში იგეგმება.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი