ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას

24 აპრილი, 2020 • 3024
რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიცია აკრიტიკებს და Covid-19-ის თანმდევი კრიზისის სიმძიმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ წარმოდგენილი გეგმა და დახმარებათა პაკეტი ადამიანების ეკონომიკურ საჭიროებებს ვერ პასუხობს, მათ ნაწილს კი მიაჩნია, რომ მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა უკან უნდა დაუბრუნოს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია, საიდან, რომელი კომპონენტების შემცირების ხარჯზე აპირებს მთავრობა თანხების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კაპანაძე ერთ-ერთია, რომელიც კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო ფონდში არსებული რესურსების გამოყენებას ემხრობა.

“ისევ და ისევ, მთავარი საკითხები არ არის ადრესირებული. მაგალითად, საპენსიო ფონდს ისევ არ ეხებიან. ამ დროს საპენსიო ფონდში მოქალაქეებმა შეიტანეს თავიანთი თანხები და ელოდებიან, რომ ეს თანხები დაუბრუნდებათ, რადგან ამაზე [დიდი] გაჭირვება და შავი დღე არ ექნებათ. მიუხედავად ამისა, არანაირი რეაგირება არ ყოფილა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ის ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას და ამბობს, რომ ფონდიდან თანხის გამოტანის საშუალება უნდა მიეცეთ ადამიანებს, რომელთაც ეს სურთ.

კაპანაძე ასევე ამბობს, რომ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ხელფასის მინიმუმ ნახევარი უნდა ანაზღაურებოდათ, გადასახადები კი, მათ შორის, აქციზისა და საშემოსავლო, მკვეთრად შემცირებულიყო.

“ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გეგმის შეფასებისას. მისი თქმით, მთავრობამ უშუალოდ ბიუჯეტის პროექტი სწორედ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ “ყველაფერი ნათელი გახდებოდა”.

“ეკონომიკური ნაწილი არის ძალიან ბუნდოვანი და ამ პროგრამის ნამდვილი სახე გამოჩნდება ბიუჯეტში, მისი წარმოდგენა კი არ უნდათ ივნისის თვემდე. ანუ, პროპაგანდისტულად გამოიყენებენ ამ ანტიკრიზისულ გეგმას. მისი რეალური ღირებულება არის იმდენად მწირი, ის ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას, ბიზნესს, მოქალაქეებს”, – აცხადებს გოცირიძე.

“მხოლოდ სოციალური დახმარების პაკეტი მილიონამდე უმუშევრად დარჩენილი და სახლში გამოკეტილი ჩვენი მოქალაქეებისთვის შეადგენს 200 მილიონ დოლარს. აი, ამ გაუფასურებული და გასაცოდავებული ლარის პირობებში, ეს არის სავალუტო ფონდის გადმორიცხული ერთი ტრანში, რომელიც შემოვა ბიუჯეტში გრანტის სახით. თუ დავუმატებთ მას კომუნალურ შეღავათებს, მაქსიმუმ, მთელი დახმარების ღირებულება იყოს ამ კუთხით 250 მილიონი დოლარი, ანუ 800 მილიონი ლარი”, – ამბობს ის.

ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა კარგია, თუმცა თავად გეგმა – არაადეკვატური: ასე ფიქრობს სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, გეგმა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში ვერ დაეხმარება.

“გეგმა ასევე[ვერ დაეხმარება] იმ ოჯახებს, რომლებიც აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში კორონავირუსის პანდემიის გამო. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ კვლავ ვერ ვნახეთ სისტემური მიდგომა კრიზისის მიმართ. ეს არის შეკოწიწებული გეგმა რამდენიმე კომპონენტისგან. თითოეული ეს კომპონენტი არ არის შესაბამისი იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ესა თუ ის დარგი ან ოჯახი აღმოჩნდა”, – აღნიშნავს ჯაფარიძე “ტვ პირველთან” ინტერვიუს დროს და დასძენს, რომ მთავრობა თანადროულად უნდა ეხმარებოდეს ოჯახებსაც და დამსაქმებელ კომპანიებსაც, “რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების სამუშაოებზე უკან მიწვევას”.

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საერთო დოკუმენტზე ოპოზიციასთან ერთად უნდა შეჯერებულიყო. მას ასევე არ ესმის, რატომ არ შეიძლებოდა ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა მარტის თვეში, როდესაც კრიზისი დაიწყო.

“ფული უნდა მისცეს მთავრობამ იმ ხალხს, რომელსაც ლუკმა-პური აღარ აქვს სამსახურის დაკარგვის გამო. და უთხრეს, 200 ლარს მოგცემთ 6 თვის განმავლობაში, სოცდაუცველებს – 100 ლარსო… საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 206 ლარია”, – აღნიშნავს ის.

ელისაშვილი ასევე საუბრობს საპენსიო ფონდის გამოყენებაზე კრიზისის დასაძლევად:

“რომ ალპობენ 600 მილიონს საპენსიო ფონდში, დაუბრუნეთ ოჯახებს. ერთ საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახს უკვე დაგროვილი აქვს ეს თანხები”, – ამბობს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი და ამატებს:

“უამრავი ადამიანი სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩა და გამოკეტილია სახლში. მოდით, შემოვიჭიროთ ქამრები! აი, ამ სიტყვას ველოდებოდი”.

ანტიკრიზისულმა გეგმამ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერისთვის” ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ციფრები რთულ ვითარებაზე მიანიშნებს და ის “იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაგუოს შიმშილს”.

“როდესაც ასეთი ციფრი იყო დასახელებული- 3.9 მილიარდი იქნება ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი – და ამ დროს მთავრობა ამბობს, რომ ქამრები შემოჭერის შედეგად მხოლოდ 300 მილიონის მობილიზაცია მოახდინეს, ეს ძალიან მძიმე ციფრი გახლავთ”, – უთხრა მან “რუსთავი2”-ს.

“დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ მთავრობისგან მეტს არ ელოდა. მისი თქმით, მთავრობას ყოველთვის შეუძლია, თქვას, რომ სოციალური დახმარების ოდენობა არასაკმარისია, თუმცა ეკონომიკა მეტის საშუალებას არ იძლევა და კობერიძის აზრით,  “ერთი მხრივ, ეს ბუნებრივიცაა”.

“მე უფრო სხვა რამ მადარდებს. მადარდებს, რომ ეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ არის.

…ეს არის სოციალური დახმარების გეგმა, რომლის მობილიზებაც შეუძლია ქვეყნის მწირ ეკონომიკას  საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად და შეძლებისდაგვარად, სოციალური მიზნებისათვის გადანაწილება”, – აღნიშნავს ის.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი