ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 400-ზე მეტი ბიზნესი შეამოწმა. აქედან ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოწმდა ონლაინ გაყიდვებზე მომუშავე 70 კომპანია, საიდანაც თითქმის ნახევარმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები.
თურნავას თქმით, შემოწმებული 400 კომპანიის დაახლოებით 2/3 აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, ის კომპანიები კი, რომლებიც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, დროებით წყვეტენ მუშაობას.
თურნავას განმარტებით, იმისთვის, რომ კომპანიამ მუშაობა შეძლოს, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ მოწესრიგებული სასაწყობო მეურნეობა, ასევე, მიტანის სერვისის განსახორციელებლად და ადგილზე სამუშოდ ჰქონდეთ შესაბამისი სამედიცინო, დამცავი აღჭურვილობა.
“ბიზნესის ამუშავების აუცილებელი წინაპირობაა იმ წესების დაცვა, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამ ორ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად გადავამოწმეთ 400-ზე მეტი ბიზნესი, კარგია, რომ 2/3 სწრაფად გადაეწყო და პასუხობს ყველა აუცილებელ თვისებას და იცავს ყველა აუცილებელ გაიდლაინს იმისთვის, რომ მათი თანამშრომლები და მათი მომხმარებლები უსაფრთხოდ იყვნენ. არის ჯერ კიდევ კომპანიების ნაწილი, რომელიც აღარ იცავს ამ წესებს, ან ბოლომდე ვერ გაიაზრა და ვერ მოემზადა. ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ვერ იფუნქციონირებენ და ადრე თუ გვიან მათი შემოწმება მოხდება და აუცილებლად უნდა მოემზადონ ამისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წავიდეს”, – აღნიშნა თურნავამ. მისივე თქმით, დღეში დაახლოებით 100 კომპანიას ამოწმებენ
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ონალაინ გაყიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიებს მიეცათ მითითება, რომ გამოასწორონ დარღვევები, რის შემდეგაც მათ კვლავ ექნებათ საშუალება მიმართონ სამინისტროს შესაბამისი განაცხადით, რომლითაც მუშაობის აღდგენას მოითხოვენ:
“70-მდე ონლაინ კომპანია ჩვენ გასულ 2 დღეში შევამოწმეთ, ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც, მიუხედავად აქტიური მოთხოვნისა, რომ იმუშაონ, ვერ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის გაიდლაინებს – იქნება ეს პირბადე, თუ იქნება ეს სასაწყობო მეურნეობის უსაფრთხოდ მოწყობა. ამ ეტაპზე ჩვენ ამ კომპანიებს მივეცით მითითება და გაფრთხილება, რა უნდა გამოასწორონ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა არა მარტო მომგებიანი იყოს, არამედ უსაფრთხო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. როგორც კი ისინი მზად იქნებიან და ხელახლა მოგვმართავენ, მიეცემათ მუშაობის უფლება”, – განაცხადა თურნავამ.
მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: