ახალი ამბები

წარმოუდგენელია, აღდგომას სასულიერო პირებისთვის ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მიგვეცა – გახარია

24 აპრილი, 2020 • 870
წარმოუდგენელია, აღდგომას სასულიერო პირებისთვის ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მიგვეცა – გახარია

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია სასულიერო პირებისთვის საავტომობილო საშვების დაშვებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხობს, რომ წარმოუდგენელია, აღდგომის დღესასწაულზე მათ ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ ჰქონოდათ.

დღეს ბრიფინგზე გახარიას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მოხდა ისე, რომ სასულიერო პირებს გამონაკლისის სახით საშვები მისცეს. თუმცა მთავრობის თავდაპირველ დოკუმენტში, რომელიც ავტომობილების აკრძალვას ეხებოდა, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

გახარიამ თქვა, რომ მას „კარგად მესმის, საიდან მოდის ეს კითხვა“ და განმარტა:

„ობიექტურიც არის, როდესაც არის შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებზე და დილით იღვიძებ და ამდენი მანქანა მოძრაობს, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია. მესმის, მეც ასე მიმაჩნია. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც გვგონია.

მეორე მხრივ, უამრავი სერვისია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება. სასურსათო მაღაზიებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელით დამთავრებული. გუშინ, მაგალითად, ათასობით საინკასაციო მანქანა დაემატა იმისთვის, რომ პენსიები დაგროვდეს.

აღდგომის ღამეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, რომ საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ის ბალანსი, რომლითაც ჩვენ ამ ქვეყანაში ეპიდემიასთან გამკლავებას ვცდილობთ. ეს ჩვენი გზაა. ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ სააღდგომო მსახურება მამაობის თანხმლებით მაინც უნდა ჩატარდეს“, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მასაც არ მოსწონდა და ჰქონდა “უდიდესი უსამართლობის გრძნობა“. გახარია ამატებს, რომ დიდი ოდენობის საშვები გაიცა და  ყოველ დილით თავად ამოწმებინებს შემხვედრ მანქანებს, თუმცა ყველას აქვს საშვი.

„დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურეობა, სააფთიაქო ქსელები, ჟურნლაისტები. ათასობით საშვი აქვს მედიას“, – თქვა გახარიამ.

რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის ერთი კვირით გაგრძელებას, გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად მოხდა. ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში, ანუ აღდგომის შემდეგ, მოსალოდნელი იყო ხალხმრავლობები.

საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით აკრძალვა 17 აპრილის 12 საათიდან 27 აპრილამდეა ძალაში. მოძრაობა არ ეკრძალებათ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლებს – მაგალითად, დისტრიბუციას. ასევე, მოპედებსა და ველოსიპედებს. შეზღუდულია ტაქსით გადაადგილებაც.

სასულიერო პირები იმ გამონაკლის ჯგუფებს შორისნ არიან, რომლებსაც გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის დროს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი