პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საერთო კოვზით ზიარება კორონავირუსით ინფიცირების საფრთხეს შეიცავს. ეს გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ჰკითხა, ჯანდაცვის მინისტრის მსგავსად, მასაც თუ სჭირდება სამეცნიერო კვლევა, რათა თქვას, რომ საერთო კოვზით ზიარება შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდეს.
“დღესდღეობი ყველა სახის დისტანცია ერთადერთი საშუალებაა ამ ინფექციისგან თავის დაცვის. რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი”,-თქვა გახარიამ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას „მეცნიერული კვლევა“ სჭირდება.
„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ არ არის სარისკო, მან ისევ თქვა, რომ „საჭირო არის მეცნიერული კვლევა“.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კი ამბობს, რომ განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პანდემიის მასობრივად გავრცელების რისკის მიუხედავად, მსახურებას აგრძელებს.
ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მრევლი იცავს ტაძრებში დისტანცირების წესებს, თუმცა ამით პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ უცვლელი დარჩა საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკა.