ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს

23 აპრილი, 2020 • 2145
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს

78 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თანმდევ კანონებში.

რა ცვლილებები მიიღო პარლამენტმა?

განხორციელებული ცვლილებებით იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით, განმეორებით კი სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება. კერძოდ, კოდექსს დაემატა მუხლი, რომლის თანახმადაც, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით. შსს-ს უფლებამოსილ პირს უფლება ეძლევა, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად.

საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა უკვე ჩაითვლება პრეზიდენტის დეკრეტით, მთავრობის დადგენილებით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევად და გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ დაისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის ჩათვლით) კი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ეხება დღეს უკვე არსებულ საგანგებო მდგომარეობას?

ზემოხსენებული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 2 მაისიდან. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგაც ინარჩუნებს ძალას და კანონთან შესაბამისობაში მოყვანას არ საჭიროებს.

დღეს მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და იურიდიული პირის – 15 000 ლარით, პრეზიდენტის დეკრეტით არის განსაზღვრული და, შესაბამისად, დროებითია, ამ შემთხვევაში მოქმედებს 22 მაისამდე.

პარლამენტის მიერ მიღებული პაკეტი კი ითვალისწინებს საკანონმდებლო დონეზე ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იმოქმედებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დღეს მიღებული ნორმები არ ეხება მიმდინარე საგანგებო მდგომარეობას და სამომავლო ურთიიერთობებს აწესრიგებს.

იურისტების ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ დაჯარიმებები, რომლებიც დეკრეტით არის დადგენილი, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან დეკრეტით შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციური უფლებების უფლების შეზღუდვა-შეჩერება და არა – სასჯელის განსაზღვრა, რაც მხოლოდ კანონით უნდა გადაწყდეს.

ამ თემაზე:

კარანტინის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაისჯება

მასალების გადაბეჭდვის წესი