ახალი ამბები

კარანტინის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაისჯება

22 აპრილი, 2020 • 1350
კარანტინის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაისჯება

კარანტინის ან იზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

დღეს მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და იურიდიული პირის – 15 000 ლარით, პრეზიდენტის დეკრეტით არის განსაზღვრული და, შესაბამისად, დროებითია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს საკანონმდებლო დონეზე ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იმოქმედებს.

76 ხმით 0-ის წინააღმდეგ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თანმდევ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, როდესაც არ არის გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით. ასევე, სამართალდამცველებს უფლება ექნებათ, ფიზიკური პირი საკარანტინო ან იზოლაციის სივრცეში იძულებით გადაიყვანონ.

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე მუხლი იქნება საგანგებო/საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის თაობაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება დეკრეტით და მთავრობის დადგენილებით. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა დაკონკრეტებული არ არის და პრეზიდენტის დეკრეტში იქნება განსაზღვრული, თუ როგორ უნდა იყოს სანქცირებული კონკრეტული სამართალდარღვევები, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევის ჩათვლით.

შესაბამისი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით განსაზღვრული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება. კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა განმეორებით ან ნასამართლევი პირის მიერ გამოიწვევს შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ცვლილებები ამოქმედება მიმდინარე წლის 2 მაისიდან.

იურისტების ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ დაჯარიმებები, რომლებიც დეკრეტით არის დადგენილი, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან დეკრეტით შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციური უფლებების უფლების შეზღუდვა-შეჩერება და არა – სასჯელის განსაზღვრა, რაც მხოლოდ კანონით უნდა გადაწყდეს. 

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია სწორედ ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შესაქმნელად.

“კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია კორონავირუსის გამო მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცედენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და სხვა შესაძლო ეპიდემიური შემთხვევებისას საფრთხის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას”, – ნათქვამია განმართებით ბარათში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი