ახალი ამბები

როდესაც სამსახურში და ექიმთან სექსუალურად გავიწროებენ – 3 ქალის ისტორია

23 აპრილი, 2020 • 4169
როდესაც სამსახურში და ექიმთან სექსუალურად გავიწროებენ – 3 ქალის ისტორია

„შემოვიდა ჩემთან ოთახში და სანამ აქ ხარ, სექსი გვქონდეს და რაღაცები დაიწყო… მეშინია აქ გაჩერების“, – ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომელმაც სახალო დამცველს შრომითი ურთიერთობების დროს სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართა.

სახალხო დამცველი, დღეს, 23 აპრილს, გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 3 შემთხვევაში, რომელთა შორის 2 ეხებოდა სამუშაო ადგილს, შევიწროება დაადგინა. თანდართულ დოკუმენტებში ომბუდსმენის აპარატმა საქმეების მასალები გამოაქვეყნა.

ქალი ექიმთან კუჭის ჩივილებით მივიდა, ვიზიტის ბოლოს ექიმმა მას მკერდი დაუზილა – პირველი საქმე

3 ქალს შორის, ვინ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა, ერთ-ერთი 2018 წლის მაისში მომხდარ შემთხვევას შეეხო. ქალი ამბობს, რომ გასტროენტეროლოგთან ვიზიტის დროს ექიმი გაეცნო მის ჩივილებს, ჰკითხა, თუ ჰყავდა ქმარი და რამდენი წლის იყო. ასევე, ჰკითხა, ძუძუს კიბოზე თუ იყო შემოწმებული, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ მსგავსი შემოწმება არ ჩაუტარებია. როგორც ქალი აღნიშნავს, ექიმმა კაცმა ცოტა მკაცრი ტონით უთხრა, როგორ შეიძლება, 24 წლის გოგო არ იყოს შემოწმებული და მას კუჭთან ერთად მკერდიც აუცილებლად უნდა შეემოწმებინა.

დანიშნულების სახით ექიმმა ქალს მოსთხოვა კუჭის ექოსკოპია და განუმარტა, რომ გამოკვლევის პასუხების შემდეგ აპირებდა შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას. როგორც განცხადებაშია მითითებული, რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, გამოსვლამდე, გასტროენტეროლოგმა, ძუძუს კიბოს შემოწმების მიზნით, პაციენტს სთხოვა, ტანსაცმელი აეწია, და ისე, რომ პაციენტს ბიუსტჰალტერი არ გაუხდია, მკერდი დაუზილა.

კაცმა სახალხო დამცველთან ეს ქმედება შემდგომ იმით ახსნა, რომ ზოგიერთი მის მიერ დანიშნული პრეპარატი, რომელიც პროლაქტინის მომატებას განაპირობებს,  გვერდით მოვლენებს, მათ შორის, მკერდის გამაგრებასა და გამონადენს იწვევს.

როგორც კაცმა აღნიშნა, საქართველოში მასთან მისული პაციენტების უმრავლესობას არ აქვს ძუძუ შემოწმებული. შესაბამისად, მათ აგზავნიდა მამოლოგებთან. თუმცა ეს იწვევდა პაციენტების უკმაყოფილებას. შესაბამისად, დროის და ფინანსების დაზოგვის მიზნით, თავად დაიწყო პაციენტების შემოწმება.

ამ საქმესთან დაკავშრებით სახალხო დამცველი ორ ექსპერტს ესაუბრა. ორივე მათგანი ამბობს, რომ პროლაქტინის დონის მომატებას ვერ დაადგენს ძუძუს ფორმის ხელით შემოწმება და ამას სხვა, დამატებითი კვლევები სჭირდება.

როგორც სახალხო დამცველს ექსპერტებმა განუცხადეს, პროლაქტინზე ეჭვის შემთხვევაში, შემოწმება უნდა ჩატარდეს შიშველ ძუძუზე. პროლაქტინის მაღალ დონის შემთხვევაში, ძუძუს მიდამოში ზეწოლის შემდეგ შესაძლებელია დვრილიდან გამონადენის არსებობა.

“განცხადების თანახმად, გასტროენტეროლოგმა განმცხადებელს მკერდი დაუზილა ისე, რომ პაციენტს ბიუსტჰალტერი არ გაუხდია. აღნიშნული მიუთითებს, რომ თუ პაციენტს პალპაცია არ ჩაუტარდა შიშველ მკერდზე, ვერ დადგინდებოდა, მკერდიდან გამონადენი თუ არსებობდა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს პროლაქტინის მაღალ დონეზე. შესაბამისად, ბიუსტჰალტერში მკერდის პალპაცია არ ემსახურება სამედიცინო მიზნებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ღამით გამეღვიძა, ის კი ჩემს ოთახში იყო. დამაწვინეო… არა-მეთქი, ადგა და მაინც დაწვა – მეორე საქმე

კიდევ ერთი ისტორია, რომლის საქმის მასალებიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა, შრომითი ურთიერთობის დროს სექსუალურ შევიწროებას ეხება. ქალი ჰყვება, რომ სვანეთში სამუშაო ვიზიტის დროს კომპანიის თანადამფუძნებელს მასთან სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა, მაგრამ ქალის უარს არ ითვალისწინებდა.

ქალი ამბობს, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს, სვანეთში ყოფნის დროს, მოპასუხე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა იმ სახლში, სადაც მივლინების დროს თანამშრომლები ცხოვრობდნენ.

დილის 06:00 საათის შემდეგ ქალი გააღვიძა ხმაურმა, რისიც ძალიან შეეშინდა, რადგან მიხვდა, რომ ოთახში ვიღაც იყო. ქალმა იკითხა, თუ ვინ იყო, რასაც მისი თანამშრომელი კაცი (კომპანიის თანადამფუძნებელი) გამოეხმაურა. ქალმა ჰკითხა, თუ რას აკეთებდა მის ოთახში, რაზეც კაცმა უთხრა, რომ სციოდა და სურდა, ქალს გაეთბო.

ასევე, კაცმა უთხრა, რომ მასთან დაწოლა უნდოდა. აღნიშნული საპასუხოდ ქალმა მას ოთახიდან გასვლა მოსთხოვა. ამის მიუხედავად, კაცი ტრუსების და მაისურის ამარა ქალის გვერდით დაწვა. ქალი მაშინვე ადგა ლოგინიდან და გარეთ გავიდა. მან გააღვიძა სხვა პირი და ოთახიდან კაცის გაყვანა სთხოვა. თავდაპირველად კაცი უარს აცხადებდა ოთახიდან გასვლაზე და მხოლოდ მეორე ცდაზე დაიყოლია მესამე პირმა აღნიშნული კაცი, დაეტოვებინა ოთახი. ქალი განმარტავს, რომ შეშინებული იყო და დაძინება ვეღარ შეძლო.

მონათხრობის თანახმად, იგივე განმეორდა ახალი წლის ღამესაც, რა დროსაც ქალთან იგივე კაცი ოთახში შევიდა და სთავაზობდა, სვანეთში ყოფნის პერიოდში, 3 თვის განმავლობაში, სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდათ “გართობისთვის”. ქალმა კაცს შეურაცხყოფა მიაყენა და ოთახიდან გააგდო. ქალი განმარტავს, რომ გათენებამდე ვერ დაიძინა, რადგან ფიქრობდა, რომ შესაძლოა კაცს შეიძლება კიდევ რაიმე ეცადა.

ქალმა მიმართა თბილისში პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას. რამდენიმე დღის შემდეგ მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი განცხადება სვანეთის პოლიციას გადაეცა. ასევე განუმარტეს, რომ მის საქმეში დაფიქსირდა რამდენიმე კანონდარღვევა და აუცილებელი იყო მისი სვანეთში ჩასვლა, ვინაიდან პროკურორს სურდა მასთან გასაუბრება. განმცხადებელმა ქალმა განუმარტა, რომ არ ჰქონდა ფინანსური სახსრები სვანეთში ჩასასვლელად. თანაც, ფიქრობდა, რომ პოლიცია მის განცხადებაზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენდა.

სახალხო დამცველი, ისტორიასთან ერთად, ავრცელებს ქალის მიერ სხვადასხვა ადრესატისთვის მიწერილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც ქალი იმავე გარემოებების შესახებ ჰყვება. მათ შორის ერთ-ერთში ქალი ამბობს – „გუშინ ვიძინებდი…ლ. შემოვიდა ჩემთან ოთახში და სანამ აქ ხარ, სექსი გვქონდეს და რაღაცები დაიწყო… მეშინია აქ გაჩერების, ხვალ წამოვიდოდი, მაგრამ იმდენი ბარგი მაქვს, ვერ შევძლებ“.

მათ შორის არის წერილიც, რომელიც მან კაცისგან მიიღო. ამ წერილში კაცი ბოდიშს უხდის მომხდარისთვის.

რაც შეეხება კაცის პოზიციას, ის ამბობს, რომ სახლში ქალთან ერთად მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის ღამეს იმყოფებდა. კაცმა განმცხადებელს შენიშვნა მისცა მუსიკალურ სმენასთან დაკავშირებით, რაც ქალს ეწყინა. კაცი აღნიშნავს, რომ როდესაც სახლში მივიდნენ, ის განმცხადებლის ლოგინზე ჩამოჯდა და უთხრა, საწყენად არ მიეღო მისი შენიშვნა. ამასთან, მოპასუხემ განმცხადებელს უთხრა, „გაყინულ ოთახში მარტო როგორ დაწვებოდა და ერთად დაწოლილიყვნენ“.

კაცი ამბობს აღნიშნულზე განმცხადებელმა არაფერი უპასუხა. „ქალმა კვლავ გაუმეორა განმცხადებელს, რომ ერთად დაწოლილიყვნენ და უთხრა, რომ ის უყვარდა“. ქალმა კაცს შეაგინა, რაზეც გინებითვე უპასუხა. კაცი განმარტავს, რომ მეორე დღეს ბოდიში მოუხადა განმცხადებელს და შერიგება სთხოვა, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ მას არასდროს შეურიგდებოდა. კაცი უარყოფს ქალთან ლოგინში ჩაწოლის ფაქტს.

„ჩვენ გვაინტერესებს, „ბიკინიში“ როგორი ხარ“ – მესამე საქმე

შრომითი ურთიერთობის დროს სექსუალური შევიწროების შესახებ სახალხო დამცველთან კიდევ ერთი ქალი ყვება. ის ამბობს, რომ ერთ-ერთ დიდ სასტუმროში მუშაობდა, სადაც მტრული სამუშაო გარმეო იყო, რომელსაც, თავის მხრივ, ხელმძღვანელი პირები ქმნიდნენ თანამშრომლებისადმი თავიანთი დამოკიდებულებით.

მაგალითად, უშუალო ხელმძღვანელი პერიოდულად ინტერესდებოდა განმცხადებელი ქალის პირადი ცხოვრებით, რაშიც სასტუმროს გენერალურ მენეჯერი უწყობდა ხელს. კერძოდ, ისინი ქალს სისტემატურად უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს – როდის გათხოვდა, რამდენი შვილი ჰყავს, რატომ დაშორდა ქმარს, ურეკავდა თუ არა მას ტელეფონზე, ჰქონდა თუ არა მასთან [ყოფილ მეუღლესთან] რაიმე სახის ურთიერთობა, ჰყავდა თუ არა მეგობარი მამაკაცი და ვინ იყო ის, როდის ნახა ბოლოს, სად ცხოვრობს, რა ეროვნებისაა.

ქალმა ასევე მიუთითა, რომ დამსაქმებლები მას სთხოვდნენ ჩასულიყო აუზში, რათა შეემოწმებინა წყალი. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა მენეჯერმა თითქოს ხუმრობანარევი ტონით უთხრა, „ჩვენ გვაინტერესებს, „ბიკინიში“ როგორი ხარ“. ქალის განმარტებით, კაცმა აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე დაიბარა ოფისში, რა დროსაც უსიამოვნო საუბრები ჰქონდათ იმის გამო, რომ ქალი აუზში ჩასვლაზე უარს აცხადებდა.

ქალის მოსაზრებით, თუ კაცს აჰყვებოდა პირადი ხასიათის საუბრებში, ის იქნებოდა პრივილეგირებული თანამშრომელი და აღარ გახდებოდა ზეწოლის მსხვერპლი. ქალმა აღნიშნა, რომ შექმნილი მტრული სამუშაო გარემო იმდენად გაუსაძლისი იყო მისთვის, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.

საპასუხო წერილში კომპანია სახალხო დამცველთან სექსუალური შევიწროების არსებობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ქალის მოსაზრებაა და მას არავითარი მტკიცებულება არ აქვს.

მათივე თქმით, დასაქმებული პირების პირადი ცხოვრების შესახებ ზოგადი ინფორმაციის (ოჯახის, შვილების, ინტერესების შესახებ) გაზიარება წარმოადგენს კომპანიაში მიღებულ ტრადიციას. ასეთი სახის ინფორმაციის გაზიარება ხელს უწყობს დასაქმებულებთან უფრო ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას და პროდუქტიულობის ამაღლებას.

რა არის სექსუალური შევიწროება?

ომბუდსმენი განმარტავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) მე-40 მუხლიც სექსუალურ შევიწროვებას ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინებად მოიაზრებს.

კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სექსუალური შევიწროება მრავალი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, ეს შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით სექსუალური ხასიათის ნებისმიერი შენიშვნა, შეკითხვა, ხუმრობა; ასევე, ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ფიზიკური თავდასხმა. ფიზიკურ შეხებაში იგულისხმება ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას გულისხმობს. ზემოაღნიშნული ქმედებები უნდა იყოს ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი და აკნინებდეს მის ღირსებას.

2019 წლის 19 თებერვალს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-2 მუხლს დაემატა მე-32 პუნქტი, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი