დღეს, 22 აპრილს, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლოს ათი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, 3 მილიარდი ევროს რაოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.
მაკროფინანსური დახმარების წინადადება ემატება ევროპის გუნდის (Team Europe) მიერ შემუშვებულ სტრატეგიას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭერად ევროკავშირის მიზნობრივ რეაგირებას წარმოადგენს. ევროკომისიის წინადადება ითვალისწინებს, რომ დაფინანსების საჭიროებების წინასწარი შეფასების შემდეგ, მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთი (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).
”ევროპული სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებში არ უნდა შეჩერდეს, რადგან ამ გლობალური კრიზისის დროს ჩვენ ერთად გადავრჩებით ან დავიღუპებით. დღეს ევროკომისია გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს, რათა ჩვენს ათ მეზობელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. მოვუწოდებ ევროპარლამენტს და საბჭოს, ამ მნიშვნელოვანი პაკეტის თაობაზე სწრაფად შეთანხმდნენ”, – განაცხადა ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ.
ევროკომისიის წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღონ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკროფინანსური დახმარების თანხები 12 თვის განმავლობში ხელმისაწვდომი იქნება სესხების სახით, ძალიან ხელსაყრელი პირობებით.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის, კარლ ჰარცელის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილშია ნათქვამი, ეს არის ნაწილი იმ მრავალმხრივი რეაგირებისა, რომელზეც საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ღია წერილში, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის იმ შეთანხმების მიღწევამდე, რომლის მიზანიც სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის შევსება იყო.
“დღეს, როდესაც ევროკავშირი თავად განიცდის კოროვირუსის პანდემიის სიმძაფრეს, გამოწვევების დასაძლევად ის მნიშვნელოვან ზომებს მიმართავს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთავარ პარტნიორებთან კოორდინირებული რეაგირების საშუალებით. ასეთ დროს სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია”, – აცხადებს ჰარცელი.
ჰარცელის ინფორმაციით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული წინადადების დამტკიცების შემდეგ, ევროკომისია მზად იქნება, სწრაფად გადმორიცხოს პირველი ტრანში, მას შემდეგ, რაც საქართველოსთან მიღწეული იქნება შეთანხმება კონკრეტული პირობების შესახებ. მეორე ტრანში შესაძლოა გადმოირიცხოს 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ ნახევარში იმ პირობით, რომ შეთანხმებული პირობები დროულად იქნება განხორციელებული. როგორც ეს მაკროფინანსური დახმარების შემთხვევაში ხდება ხოლმე, თანხების ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელებასა და საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრებით სარგებლობის გაგრძელებაზე.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის გამოცხადდა და უკვე ხორციელდება ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის გამიზნული დახმარების ორი პაკეტი. პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისათვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით, კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება.
150 მილიონის ევროს რაოდენობის სესხი ევროკომისიის მიერ გამოცხადებული მესამე პაკეტია.
ევროკავშირი: საქართველოს და 5 ქვეყანას 140 მლნ ევრო გამოეყოთ
ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება