ახალი ამბები

საქართველოს დასახმარებლად არსებით პაკეტზე ვმუშაობთ – საერთაშორისო პარტნიორები

9 აპრილი, 2020 • 1360
საქართველოს დასახმარებლად არსებით პაკეტზე ვმუშაობთ – საერთაშორისო პარტნიორები

ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშრისო სავალუტო ფონდის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებისა და საერთაშორისო ბანკების — EBRD-ის, EIB-ის, AIB-ის და AIIB-ის — წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთად მუშაობენ, რათა კორონავირუსის პანდემიის ფონზე  საქართველოს შესთავაზონ ფინანსური დახმარების არსებითი პაკეტი .

მათ თანახმად, „ეს ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“. საერთაშორისო აქტორებმა დღეს, 9 აპრილს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება:

„COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება.

საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.

ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება.

ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება.

ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა. ამჟამად განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად „ძალა ერთობაშია“!


მიმართვას ხელს აწერენ:

  • სელიმ შეკირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
  • დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
  • კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი
  • კარლ ჰარცელი, ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
  • ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში
  • შეინ როზენტალი, აზიის განვითარების ბანკის (AIB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
  • სიუპი ტერავანინტორნი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB), საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი

ნახეთ ასევე:

ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი